Belive

აკი ბაშო – დღე 11: ტოჩინოშინისა და გაგამარუს მდგომარეობა და ლიდერთა სია

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა – “აკი ბაშომ”. აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს, თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ კი ჯურიოს ქვედა ნაწილშია და აუცილებლად ნორმალური ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რათა ჯურიოს დივიზიონიდან გავარდნის საშიშროება არ დაემუქროს. ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო “მონოის” (მონოი – მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. მე-6 დღეს ტოჩის მეტოქე ტამავაში გახლდათ, რომელმაც ლევანის ბარიერი წარმატებით დაძლია. რაც შეეხება მე-7 საბრძოლო დღეს, ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშო გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურმა სასურველი სუმოს ჩვენება ვერ მოახერხა და დამარცხდა. ქართველმა ოძეკიმ მე-8 დღეს შოდაი, მე-9 დღეს ენდო და მე-10 დღეს ჩიოტაირიუ მიჯრით დაამარცხა და კადობანიდან ამოსვლის შანსები ერთი ორად გაზარდა, თუმცა მე-11 დღეს ტოჩის ერთობ უხერხული მეტოქე ტაკაკეიშო ჰყავდა, რომელთანაც კარგი სტარტის მიუხედავად მაინც დამარცხდა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 5 მოგება და 6 მარცხია, კიდევ 3 გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი კადობანიდან ამოვა და ოძეკის წოდებას სულ მცირე 2 ბაშოთი გაიხანგრძლივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წოდებას დაკარგავს. თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის მინიმალური უარყოფითი ბალანსით ასპარეზობს, ის ჯურიოს მე-10 ნომერია და ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ან დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს ან მინიმალური უარყოფითი, მაგალითად 7:8. ამჟამად თეიმურაზ ჯუღელის ბალანსი 4 მოგება და 7 მარცხია, სამწუხაროდ გაგა სასურველ შედეგს ვერ აფიქსირებს, კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში მას უარყოფითი ბალანსი გაუფორმდება. მე-12 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია – ტოჩინოშინი აღმოსავლეთის სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდება, რომელსაც მე-11 საბრძოლო დღის შემდეგ მეორე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მისი ბალანსი 8 მოგება და 3 მარცხია, სწორედ მისი ბალანსის მსგავსია მისი ურთიერთშეხვედრებიც ტოჩისთან - ამ შემთხვევაში ქართველი ოძეკი დიდ უპირატესობას ფლობს, მათი 11 დაპირისპირებიდან 8 ტოჩიმ მოიგო, 3 კი მიტაკეუმიმ. მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა. მე-5 დღეს შემოდგომის რიგით პირველი სუპერტურნირი იოკოძუნების გარეშე დარჩა – აკი ბაშოს იოკოძუნა კაკურიუც გამოაკლდა. მე-11 დღის ბოლოს მაკუუჩი დივიზონს 2 ლიდერი ჰყავს:   მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია: 9 მოგება: სეკივაკე ტაკაკეიშო მე-10 მაეგაშირა მეისეი 8 მოგება: სეკივაკე მიტაკეუმი მე-2 მაეგაშირა ასანოიამა მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო 7 მოგება: ოძეკი გოეიდო კომოსუბი ენდო მე-11 მაეგაშირა ენჰო მე-12 მაეგაშირა შოჰოზანი მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამა   სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა დროებით Georgian Sport • ქართული სპორტი -ის ფეისბუქ გვერდზე შეგეძლებათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.

სხვა სტატიები