Belive

აკი ბაშო – დღე 12: ტოჩინოშინისა და გაგამარუს მდგომარეობა და ლიდერთა სია

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა – “აკი ბაშომ”. აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს,. ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო “მონოის” (მონოი – მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. მე-6 დღეს ტოჩის მეტოქე ტამავაში გახლდათ, რომელმაც ლევანის ბარიერი წარმატებით დაძლია. რაც შეეხება მე-7 საბრძოლო დღეს, ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშო გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურმა სასურველი სუმოს ჩვენება ვერ მოახერხა და დამარცხდა. ქართველმა ოძეკიმ მე-8 დღეს შოდაი, მე-9 დღეს ენდო და მე-10 დღეს ჩიოტაირიუ მიჯრით დაამარცხა და კადობანიდან ამოსვლის შანსები ერთი ორად გაზარდა, თუმცა მე-11 დღეს ტოჩის ერთობ უხერხული მეტოქე ტაკაკეიშო ჰყავდა, რომელთანაც კარგი სტარტის მიუხედავად მაინც დამარცხდა. აკი ბაშოს მე-12 დღეს ტოჩი მიტაკეუმის დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგაც სამწუხაროდ დამარცხდა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 5 მოგება და 7 მარცხია, დარჩენილი 3 ბრძოლიდან სამივეს წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტოჩინოშინი კადობანიდან ამოვა და ოძეკის წოდებას სულ მცირე 2 ბაშოთი გაიხანგრძლივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წოდებას დაკარგავს. თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის მინიმალური უარყოფითი ბალანსით ასპარეზობს, ის ჯურიოს მე-10 ნომერია და ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი ბრძოლების მაქსიმალურად სასურველი შედეგით დასრულება მოუწევს, ვინაიდან მე-12 დღის ბოლოს მას 4 მოგება და 8 მარცხი აქვს. მე-13 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია – ტოჩინოშინი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება, რომელსაც 12 საბრძოლო დღის შემდეგ თანაბარი ბალანსი - 6 მოგება და 6 მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრებში მათ შორის 1:1-ია. გაგამარუს მეტოქე კი ჯურიოს აღმოსავლეთის მე-6 ნომერი მიტორიუ იქნება. მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა. მე-5 დღეს შემოდგომის რიგით პირველი სუპერტურნირი იოკოძუნების გარეშე დარჩა – აკი ბაშოს იოკოძუნა კაკურიუც გამოაკლდა. მე-12 საბრძოლო დღე განსაკუთრებული გამოდგა ტაკაკეიშოსათვის, რომელმაც ოძეკის წოდება დაიბრუნა, მან დღეს მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ამავდროულად ბაშოს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.  

მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია:

10 მოგება:

სეკივაკე ტაკაკეიშო

9 მოგება:

სეკივაკე მიტაკეუმი

მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი

მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი

მე-10 მაეგაშირა მეისეი

მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო

8 მოგება:

ოძეკი გოეიდო

მე-2 მაეგაშირა ასანოიამა

მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამა

სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა დროებით Georgian Sport • ქართული სპორტი -ის ფეისბუქ გვერდზე შეგეძლებათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.

სხვა სტატიები