ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის რიგით მეორე მასტერსის ტურნირზე – მაიამიში იასპარეზებს. ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, ვინაიდან მე-17 ნომრადაა განთესილი. ბასილაშვილი ATP-ის ყურადღების ცენტრში უკანასკნელ პერიოდში მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე საკმაოდ ხშირად ხვდებოდა, ამჯერად კი მას ვრცელი სტატია მიუძღვნეს, რომლის თარგმანსაც Live.ge გთავაზობთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პერფექციონისტი და ამასთან, ხელოვანია. ის გამანადგურებელი ძალით დარტყმებით ბურთის კორტზე ჩაგდებას მაქსიმალური სიზუსტით ცდილობს, რასაც იდეალური ჩოგბურთის თამაში ემატება. თუმცა ჩოგბურთში მთავარი მაქსიმალური შედეგის მიღწევაა, რაც გეგმის თანმიმდევრულად განხორციელებასა და საქმის მაქსიმალურად ეფექტიანად შესრულებას გულისხმობს. “უნაკლო თამაშის დიდი გულშემატკივარი არ ვარ,” ამბობს გერმანელი მწვრთნელი, იან დე ვიტი.” ვიცი რომ ასეთი რეპუტაცია მაქვს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩოგბურთის თამაშისას მთავარი მარტივი გამოსავლის პოვნაა და არა დაპირისპირების მაქსიმალურად გართულება. ბასილაშვილს ყველაფრის იდეალურად შესრულება და ამის ისე წარმოჩენა სურს, რომ თითქოს მატჩს მარტივად იგებს. ასე რომ, მას გამარჯვების მოპოვება უჭირს,” ამბობს იგი.

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა 1

27 წლის ჩოგბურთელმა პროფესიონალურ ჩოგბურთში 2008 წელს შეაბიჯა და მას შემდეგ იგი საკუთარ ინსტინქტს ებრძვის. “მე ვცდილობ გავიგო, თუ როგორია რეალურად ჩოგბურთი,” ამბობს ბასილაშვილი, რომელიც კორტზე ბენდენის გარეშე არასოდეს ჩნდება. “ჩოგბურთი მხოლოდ ჩოგნის ქნევა ან ვარჯიში არ არის, ჩოგბურთი მენტალური ბრძოლაა. ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გადამწყვეტ მომენტებში ემოციების მართვაა და ამის სწავლას ყოველდღიურად ვცდილობ.”

“22-23 წლის ასაკამდე ნამდვილი ველური ვიყავი და ჩოგბურთს პროფესიონალურად არ ვუდგებოდი. ვიცოდი, რომ კარგად თამაში მსურდა, თუმცა მაღალ დონეზე თამაშს ვერ ვახერხებდი. რეალურად, არ მქონდა თამაშის გეგმა, რომელიც წარმატებამდე მიმიყვანდა და ვიცოდი, რომ რაღაც მაკლდა. დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიო რეიტინგში 50-100 პოზიციას ვიკავებდი, ეს 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამიტომაც, მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც 100%-ით ვენდობოდი,” ამბობს იგი.

წლების განმავლობაში, ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავის, ნოდარ ბასილაშვილის შვილი, დინებას მიჰყვებოდა და კომფორტის ზონას არ ტოვებდა: ფინანსურ სირთულეებთან ერთად, მისი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ საჭირო ადამიანების გარემოცვაში არ იმყოფებოდა. 2005-2006 წლებში სტეფან კუნი 16 წლის ბასილაშვილს გრანიტ ბეიში (საკრამენტო) წვრთნიდა: “მე მომწონდა მისი ბუნებრივი ძალა, თუ როგორ ურტყამდა იგი ბურთს ჩოგანს. მას გამორჩეული ფიზიკური გამძლეობა ჰქონდა და ვარჯიშს არასოდეს წყვეტდა. მაშინვე მივხვდი, რომ ამ ბიჭს ჩოგბურთის სფეროში არაფრის და არცერთი ადამიანის არ ეშინოდა,” ამბობს იგი.

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა 2

მისი ტალანტი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ბასილაშვილმა ჩოგანი ხელში 5 წლის ასაკში აიღო – დაახლოებით იმ დროს, როდესაც მისი თანამემამულე, ირაკლი ლაბაძე, უიმბლდონის ახალგაზრდულ ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ბასილაშვილის სიტყვებით, “იყო დრო, როდესაც მე და მამაჩემს კვირების განმავლობაში ავტომობილში ან კარავში გვეძინა. ეს საინტერესო თავგადასავალი იყო. ძალიან ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი, არ მყავდა სპონსორი და რუსეთის მოქალაქეობის მიღება მომიწია. 20-21 წლის ასაკში ჩოგბურთის თამაში ფაქტობრივად თავიდან დავიწყე, რადგან მენტალურად განადგურებული ვიყავი. თუმცა ასეთი გამოცდილება საშუალებას გაძლევს, უფრო მეტად გაძლიერდე და ჩოგბურთის თამაში უფრო მაღალ დონეზე შეძლო,” ამბობს ბასილაშვილი.

მამის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარა ბასილაშვილს, განვითარებულიყო საქართველოს გარეთ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ფეხბურთსა და ძალოსნურ სპორტებს აღმერთებენ. ბასილაშვილისთვის ერთგულება და პატიოსნება უმთავრესი ღირებულებებია, ასე რომ ეს პერიოდი მისთვის უდიდეს იმედგაცრუებად რჩება: “მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ტურნირებზე მონაწილეობისთვის საკმარისი თანხა მქონოდა. ჩემი მიზანი ვარჯიში იყო, რაც გადარჩენას ნიშნავდა. 2015 წელს უიმბლდონის ფინალურ ეტაპზე ორი მატჩი მოვიგე, რამაც ჩემს თავში ყველაფერი შეცვალა. მე კარგ ჩოგბურთს ვთამაშობდი, თუმცა ტოპ 50 ჩოგბურთელს შორის ვერ ვხვდებოდი. ვიცოდი, რომ მჭირდებოდა მენტორი, რომელიც წინსვლაში დამეხმარებოდა. მქონდა ინფორმაცია იან დე ვიტის სამწვრთნელო მეთოდების შესახებ, მომწონდა იგი და სწორედ ამიტომაც დავეკონტაქტე მას”.

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა 3

ბოლო 13 თვის განმავლობაში, მისი კარიერული ზრდა მეტეორული სისწრაფით წარიმართა – იგი 89-ე ადგილიდან მე-18 პოზიციაზე აღზევდა, რაც ბასილაშვილისა და ჟილ სიმონის ყოფილი მწვრთნელის, იან დე ვიტის დამსახურებაა. დე ვიტი მას 2018 წლის ივნისიდან წვრთნის – მათი პირველი თანამშრომლობის კვირაში, ბასილაშვილმა დიდი მონდომებით გამოიჩინა თავი, თუმცა 12 მატჩში 8 მარცხი იწვნია. “ბასილაშვილის უდიდესმა მონდომებამ დამარწმუნა, რომ ამ ბიჭს ჩოგბურთის თამაში სრული სერიოზულობით სურდა – ეს მიდგომა კი მას უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანდა”, – ამბობს დე ვიტი.

“მქონდა გეგმა – გავმხდარიყავი პროფესიონალი და ამის გამო, ჩემი მწვრთნელისთვის ყველაფერი დამეჯერებინა. ჩემი შრომის საპასუხოდ, ATP-ის ტურნირში გამარჯვება მჭირდებოდა – ეს დამარწმუნებდა, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. ის, რაც ჰამბურგსა და პეკინში შევძელი, ჩემთვის თავდაჯერებისა და მოტივაციის წყარო გახდა”, – აღნიშნა ბასილაშვილმა.

ბასილაშვილის ძლიერი ფორჰენდი, კარგი ბექჰენდი და სხვადასხვა კუთხეში დარტყმის ტექნიკა ყოველთვის ჰქონდა, რაც მას უდიდეს მეტოქეებთან ბრძოლის საშუალებას აძლებდა. მაგრამ განვითარებას ხელს ბევრი ფაქტორი უშლიდა: მისი პერფექციონისტული მენტალობა, წლების განმავლობაში უმწვრთნელოდ ყოფნა და თამაშის ისეთი გზით წარმართვა, თითქოს ყველაფერი მარტივად მიმდინარეობს – ეს ყველაფერი ბასილაშვილისთვის წინაღობა აღმოჩნდა.

“ახლა რომ შემეძლოს 21 წლის ჩემს თავთან გასაუბრება, ვეტყოდი რომ სათამაშო სტილი არ შეეცვალა, თუმცა მენტალურად სხვა რაღაც არის საჭირო. შედეგებისთვის არ ვიბრძვი, ჩემთვის მთავარია, კორტსა და მის მიღმა 100%-ით დავიხარჯო. ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება მინდა, რათა კარიერის დასრულებისას არაფერი ვინანო”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა 4

იან დე ვიტი არის მწვრთნელი, რომელიც დეტალებზე ფოკუსირებით გამოირჩევა. მას ჩოგბურთის 400 მოთამაშე თითოეული ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლით ჰყავს გარჩეული და ბასილაშვილის მომავალზე მთლიანად არის ფოკუსირებული. “ჩვენ დავისახეთ მიზანი და ბასილაშვილმა ძალიან გამაკვირვა: არასოდეს მინახავს ასე სწრაფად პროგრესირებადი ჩოგბურთელი. ის გამორჩეული ტალანტია, რომელიც რთულ, კომპლექსურ საკითხებს მალე ითვისებს. ბასილაშვილი დისციპლინირებული ჩოგბურთელია, რომელიც შრომას არ ერიდება, მას უბრალოდ სწორი მიმართულება სჭირდებოდა”, – აღნიშნა დე ვიტმა.

ბასილაშვილის ყოფილი მწვრთნელის, სტეფან კუნის შეფასებით, მისი ყოფილი შეგირდი არ მოისვენებს, სანამ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში არ შევა: “ოდნავადაც არ გამიკვირდება, თუკი ბასილაშვილი ამ ზღვარს გადალახავს” – ამბობს იგი. აღნიშნულ მოსაზრებას დე ვიტიც იზიარებს: “ტოპ 20 ჩოგბურთელს შორის მოხვედრა ჩვენი მიზანი არ ყოფილა, არც მე-10 პოზიციის დაკავება დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი სურვილი დიდი სლემის ტიტულის მოგებაა, ეს კი იოლი და მალე მიღწევადი ნამდვილად არ იქნება. მიხარია, რომ ბასილაშვილი ძალიან სწრადად ვითარდება, თუმცა მან კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ზღვარი უნდა გადალახოს. წინ ბევრი პრობლემა გველოდება, რომელთა დასამარცხებლად ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მთავარია, ნიკას პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ და დიდი სლემის ტიტულისთვის ვიბრძოლოთ”, – აღნიშნა მან.

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა 5

დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ბასილაშვილს ოჯახი სრულ მხარდაჭერას უცხადებს – მისი მეუღლე ნეკა, 3 წლის ლუკასი და იან დე ვიტი. დიდ სირთულეებთან დაკავშირებული მოგონებები შეიძლება კვლავ არსებობდეს, თუმცა საქართველოს ერთადერთი მსოფლიო კლასის ჩოგბურთელი წინსვლას კიდევ და კიდევ განაგრძობს.

(1344)

ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა

სტატიის ავტორი
-