Belive

ბასილაშვილი Vs. ჯოკოვიჩი (პრევიუ)

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
3 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ - საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. შეხვედრა არამხოლოდ ქართველთათვის, არამედ საჩოგბურთო სამყაროს უდიდეს ინტერესს იპყრობს, ეს ყველაფერი კი ქართველი ჩოგბურთელის მიერ წარმატებულად ჩატარებული 2018 წლის საჩოგბურთო სეზონის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, არაერთი ჩოგბურთის ექსპერტი ბასილაშვილს 2019 წელს ათეულში შესვლას უწინასწარმეტყველებდა, ზოგნი მას ხუთეულის კანდიდატადაც მოიაზრებდნენ - შესაბამისად იქმნება დაძაბული ფონი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას თან სდევს. ნიკასა და ნოვაკს შორის აქამდე მხოლოდ ერთხელ შედგა დაპირისპირება, 2018 წლის 16 მაისს, რომის მასტერსზე, რომელიც სერბმა ჩოგბურთელმა 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:2, გამარჯვებით დაასრულა. ამ დაპირისპირებიდან 2 თვეში ჩვენმა თანამემამულემ პირველი ATP ტიტული, კერძოდ ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო.

ბასილაშვილი Vs. მაიერი 

(ATP HAMBURG ფინალი ვიდეო მიმოხილვა)

  ბასილამ ჰამბურგის შემდეგ კიდევ ბევრ ტურნირზე გაიბრწყინა, აღსანიშნავია მისი წარმატებული გამოსვლა ამერიკის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალის წინააღმდეგ, იმ დროისათვის მატადორი მსოფლიოს პირველი ნომერი გახლდათ, ბასილა მასთან დაპირისპირებაში დამარცხდა, თუმცა ბრძოლაში ესპანელს ტოლი არ დაუდო, დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა სეტის მოგებაც მოახერხა.

ბასილაშვილი Vs. ნადალი

(ბასილაშვილის მიერ მოგებული სეტის უკანასკნელი ქულა ნადალის წინააღმდეგ)

  2018 წლის საჩოგბურთო სეზონის მიწურულს კი საქართველოს პირველმა ნომერმა კიდევ ერთი 500-ქულიანი ATP ტიტული ჩაიბარა, რომლის დასაუფლებლად ურთულესი ბრძოლების გადატანა მოუწია, რაც მთავარია მან ფინალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, არგენტინელი ხუან მარტინ დელ-პოტრო 2 სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი Vs. დელ-პოტრო 

(ATP Beijing ფინალი ვიდეო მიმოხილვა)

  დღეს ქართული ჩოგბურთის ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, ბასილა კიდევ ერთხელ უპირისპირდება მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, თუმცა ამჯერად ეს სტატუსი ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს მორგებული. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს ამ ურთულეს დაპირისპირებაში.  

სხვა სტატიები