Belive

ბასილაშვილი Vs. ხაჩანოვი | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ინდიან უელსის მესამე წრეში ქართველი ჩოგბურთელის ოპონენტი მსოფლიო რეიტინგის 48-ე ნომერი, ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი გახლდათ, რომელსაც დრამატულ, 3-სეტიან, ორთაბრძოლაში ნიკოლოზმა ანგარიშით - 4:6; 7:6(2); 6:2, მოიგო. 1/8-ფინალურ ეტაპზე ქართველ ჩოგბურთელს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი, რუსი ჩოგბურთელი, კარენ ხაჩანოვი გაუწევს.

ბასილაშვილისა და ხაჩანოვის წყვილი აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრილან, სადაც 3 შემთხვევაში ნიკამ, ხოლო ორჯერ კარენმა იმარჯვა. საყურადღებოა, რომ 3-დან 2-ჯერ ნიკამ ხაჩანოვი შედარებით დაბალი დონის ტურნირებზე, ITF-ისა და ჩელენჯერის ტიპის ტურნირებზე დაამარცხა. დღევანდელი შეხვედრის  წინ ექსპერტებმა ფავორიტად რუსი ჩოგბურთელი მიიჩნიეს. ინდიან უელსზე ხაჩანოვმა მესამე რაუნდში პაბლო კარენო ბუსტა 2-სეტში, ანგარიშით - 6:0; 6:4 გაანადგურა, რითაც მის კარგ ფიზიკურ მზაობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, Live.ge საჩოგბურთო ანალიტიკოსსა და ექსპერტს, ლევან მათეშვილს ესაუბრა: "კალიფორნიაში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და როდესაც შანსი მქონდა, სულ ვესწრებოდი ინდიან უელსის შეხვედრებს და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ პრო ტურში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია. პირველ რიგში მინდა მივულოცო ნიკას მისთვის სარეკორდო შედეგის დაფიქსირება და იმედს ვიტოვებ, რომ გვიან ღამით მორიგ მეტოქეს, თანაც ჩვენი ქვეყნისათვის პრინციპულ ოპონენტს, რუს ჩოგბურთელსაც დაამარცხებს"  "მიუხედავად იმისა, რომ ხაჩანოვი ნამდვილად ფავორიტია ამ შეხვედრაში, კონკრეტული კომპონენტების გათვალისწინებით, ბასილაშვილს მისი დამარცხება არათუ შეუძლია, არამედ ამის გაკეთების ძალა იმაზე მარტივადაც შესწევს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია", - აცხადებს ლევან მათეშვილი. ინდიან უელსის 1/8-ფინალური შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:30 საათზეა ჩანიშნული. ბასილაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, ბერძენ ჩოგბურთელს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები