ბასილაშვილი Vs. მონფილსი | პრევიუ

ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროში მეცის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე საწყისი ორი მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

საყურადღებოა 1/8-ფინალური მატჩი, სადაც ნიკას მეტოქე ესპანელი დავიდოვიჩ-ფოკინა გახლდათ, რომელთანაც დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, ქართველმა ჩოგბურთელმა 5 მატჩ-პოინტი გადაარჩინა.

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, გაელ მონფილსი იქნება.

დავიდოვიჩ-ფოკინასთან შეხვედრა ფაქტობრივად 3 საათი გაგრძელდა, რაც კიდევ უფრო დაძაბულ ფონს ქმნის დღევანდელი შეხვედრის წინ.

ბასილაშვილსა და მონფილსს შორის აქამდე მხოლოდ 1 ურთიერთშეხვედრაა გამართული, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით. შეხვედრა 2018 წელს, მადრიდის თიხისსაფარიან ტურნირზე შედგა, სადაც 3-სეტიან დაპირისპირებაში მონფილსმა ანგარიშით – 6:2; 3:6; 6:3 მოიგო.

მონფილსი განთესვიდან გამომდინარე მეცის ტურნირზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც გამოცდილი გერმანელი, ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა.

ექსპერტების აზრით დღევანდელი შეხვედრის ფავორიტად ფრანგი ჩოგბურთელია მიჩნეული, მათივე ვარაუდით ბასილაშვილის შანსებიც სოლიდურია.

დღევანდელი შეხვედრის წინ Live.ge ჩოგბურთის ექსპერტს, ლევან მათეშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ქართულ-ფრანგული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, რომ გუშინდელი დაძაბული და დამღლელი შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტური მოლოდინის შექმნა საკმაოდ რთული იქნება, თანაც მონფილსი მშობლიურ გარემოში ითამაშებს, თუმცა ჩვენ ყველა ერთხმად უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ბასილაშვილს ერთმნიშვნელოვნად აქვს იმის პოტენციალი, რომ ფრანგი ჩოგბურთელი დაამარცხოს”

“საყურადღებოა, რომ მონფილსი განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევა, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს”

“გუშინდელთან შედარებით თუ ნიკოლოზი ბადესთან ოდნავ უკეთ ითამაშებს და მოწოდებას ოდნავ უფრო დააბალანსებს ყველაფერი ჩვენთვის სასიხარულოდ დასრულდება. წარმატებებს ვუსურვებ ნიკას და იმედია მეცის ტურნირის ჩემპიონის ტიტულს სწორედ იგი დაეუფლება”, – აცხადებს ლევან მათეშვილი.

 

ბასილაშვილი Vs. მონფილსი | პრევიუ

სტატიის ავტორი
-