Belive

ბასილაშვილის ბრწყინვალე "ქამბექი" | გამოხმაურება სოციალურ ქსელებში

2 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
ჩოგბურთისა და სპორტის მოყვარულთათვის “ზეიმი” გრძელდება – 28 ივნისიდან 2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი, უიმბლდონი, დაიწყო. ტურნირზე მონაწილეობას თანამედროვე ჩოგბურთის ყველა სუპერვარსკვლავი იღებს, მათ შორის იყო საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე 24-ე ნომრად იყო განთესილი და შესაბამისად, ასპარეზობაც ძირითადი ბადიდან დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველივე რაუნდში ბასილაშვილს ოპონირებას ურთულესი მეტოქე, ენდი მარი უწევდა. იქედან გამომდინარე, რომ ენდი მარი ბრიტანელი ჩოგბურთელია და უიმბლდონი მისთვის საშინაო არენადაც შეიძლება იყოს მიჩნეული, ჰქონდა უდიდესი უპირატესობა, რაც პუბლიკის მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. მას შემდეგ, რაც ნიკოლოზმა საწყისი ორი სეტი წააგო, მესამე სეტში თავდაპირველი მიმდინარეობის მიხედვით, თითქოს უშანსო მარცხი უნდა ეწვნია, თუმცა 3-ბრეიკიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ქართველმა ზედიზედ 4 ბრეიკის შესრულება მოახერხა და დაუჯერებელი "ქამბექის" გაკეთება შეძლო - 5:0-ზე, როდესაც მარი მატჩზე აწვდიდა, ბასილამ შეძლო და სეტი საკუთარ აქტივში, ანგარიშით - 5:7, მიითვალა. მარისა და ბასილაშვილის შეხვედრაზე სოციალურ ქსელებში, მეტწილად Twitter-ზე, ჩოგბურთის მოყვარულები და ექსპერტები საკუთარ აზრს აფიქსირებენ:
  • "ეს დაუჯერებელია... ასეთი სეტის შემდეგ ბასილაშვილს თამაში აუცილებლად უნდა მოეგო."
  • "მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ენდი მარი, ის არ არის ვინც იყო, ბასილაშვილმა ისტორიული მნიშვნელობის ქამბექის გაკეთება შეძლო."
  • "ისეთი დონის მოთამაშეს, როგორიც ენდი მარია, ყველანაირი ცუდი ფიზიკური კონდიციების მიუხედავად, ასეთი უპირატესობის განიავება არ ეკადრებოდა."
  • "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამუდმებით ამტკიცებს, რომ გამოუვალი მდგომარეობა მისთვის არ არსებობს." 
  • "ყოჩაღ ბასილაშვილს, მსგავსი ტიპის მოთამაშეების არსებობა ჩოგბურთს სულ უფრო სანახაობრივს ხდის."
შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა ჩოგბურთის ქართველმა ექსპერტმაც:
"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნამდვილად მონატრებული გარემო იყო - სრულიად სავსე უიმბლდონის ცენტრალური კორტი. ჩვენ, ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაგვიმართლა, რომ ცენტრალურ კორტზე ბასილაშვილის თამაში იყო ჩანიშნული. ის, რომ ენდი მარისა და ბასილაშვილის შეხვედრა ცენტრალურ კორტზე იყო, ცხადია, მეტწილად მარის დამსახურებაა და მისი უდიდესი წარმატებისა, რაც წარსულში ჰქონდა, თუმცა არავის დაავიწყდეს, რომ ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე ნომრად იყო წარმოდგენილი და ექსპერტების შეფასებით მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერთან თანაბარი შანსები ჰქონდა. მარის პირველი რაუნდის მეტოქე რეიტინგში ორმოცდაათეულს ან ასეულს მიღმა რომ ყოფილიყო, შესაძლოა შეხვედრა ცენტრალურ კორტზე არ გამართულიყო.  ბრიტანელი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა გულშემატკივრებისა და ემოციური ფონის გათვალისწინებით და შედეგიც შესაბამისი დადგა, თუმცა ძალიან დასანანია, რომ ბრწყინვალედ მოგებული მესამე სეტის შემდეგ, ნიკოლოზმა ვერ გამონახა საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ლეგენდარული ბრიტანელისთვის უიმბლდონის წლევანდელი ასპარეზი პირველივე ეტაპზე დაესრულებინა", - დასძინა ლევან მათეშვილმა.
ინფორმაციისთვის, გეტყვით რომ ენდი მარი უიმბლდონის მეორე რაუნდში რინდერკნეხისა და ოტეს წყვილს შორის გამარჯვებული შეხვდება.

სხვა სტატიები