Belive

ჩაკვეტაძე: "ყველაზე კარგი ისაა, რომ ტკივილს არ ვგრძნობ"

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. ქართველ ტალანტს 7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში, "ვარეგემთან" მატჩის ბოლო 15 წუთში მიეცა თამაშის შესაძლებლობა. "აგონია დასრულდა, ჩაკვეტაძე დიდი ხმაურით დაბრუნდა," - ასე გამოეხმაურა ბელგიური გამოცემა HLN ქართველის მოედანზე გამოჩენას. "ეს საღამო ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, მქონდა თუ არა შედეგიანი თამაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მუხლზე არაფერს ვგრძნობ - მინდორზე ფეხი ტკივილის გარეშე დავდგი. ახლა სათამაშო წუთები მჭირდება, რათა ტოპ ფორმას დავუბრუნდე," - ციტირებს ჩაკვეტაძის სიტყვებს HLN-ი. გიორგიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მოუთმენლად ელიან: "ჩემს ტელეფონში ყოველდღიურად ძალიან ბევრი მესიჯი მოდის. ხალხი მეკითხებოდა, თუ როდის დავუბრუნდებოდი ფეხბურთს. ბელგიელებმა შაბათს, გიორგის განაცხადში მოხვედრას მცირე სიურპრიზიც დაარქვეს: "გამიკვირდა, როდესაც შემადგენლობაში ჩემი გვარი ვერ ამოვიკითხე. თუმცა, მწვრთნელმა ბოლო ვარჯიშამდე მითხრა, რომ მზად ვიყავი," - დაასრულა გიორგიმ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო. 20 წლის ქართველმა ოპერაცია გაიკეთა და ახლა შეეცდება, რომ მარტის მატჩამდე ფორმა მაქსიმალურად აღიდგინოს.

სხვა სტატიები