Belive

დინამო თბილისმა ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
დინამო თბილისს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - აღნიშნულ პოსტზე ზაზა დოლიძე გუნდის მფლობელმა, რომან ფიფიამ წარადგინა. "მინდა ჩვენი გუნდის ახალი გენერალური დირექტორი წარმოგიდგინოთ, ბატონი ზაზა დოლიძე. მას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყველა კარგად იცნობთ. მინდა მადლობა ვუთხრა მას რომ ჩემს შემოთავაზებას დასთანხმდა. ზაზა დოლიძე ის ადამიანია, რომელიც გუნდში არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს," განაცხადა ფიფიამ. ზაზა დოლიძემ დამსწრე საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნო: "ვფიქრობ რომ "დინამოს" აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთი ხალხს დაუბრუნოს. შევეცდები რომ ჩემი გამოცდილებით გუნდის მუშაობა უფრო მრავალფეროვანი გავხადო და ვფიქრობ, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდულ ფეხბურთს. 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გზამ ჩემს ხელში გაიარა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომანს ნდობისათვის," განაცხადა დოლიძემ. რომან ფიფიამ "დინამოს" განვითარების გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა: "წლების წინ აკადემიის მშენებლობაზე საუბარი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ განვითარებისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო, დღეს კი თვალნათლივ ვხედავთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების უდიდესი ნაწილი "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ კვლავ ამ მიდგომით ვგეგმავთ განვითარებას," განაცხადა ფიფიამ. გუნდის ხელმძღვანელი ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესსაც შეეხო - რომან ფიფიას თქმით, იგი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია: "საჭიროა მასალებში კარგად გარკვევა. ამ პროცესის შემდეგ, გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და "დინამო" ევროტურნირებზე რეგულარულად იქნება წარმოდგენილი," აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სარჩელს, რომელშიც რომან ფიფია BGEO PLC ჯგუფისგან, რუსთავის აზოტის უკანონოდ მისაკუთრებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას მოითხოვს.  

სხვა სტატიები