Belive

ძიუდო - ევროპის ღია პირველობა: 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
გუშინ, 1 ივნისს სტარტი აიღო ევროპის ღია პირველობამ ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით 7 სპორტსმენი ასპარეზობს. გუშინ პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა  - ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა იასპარეზა და ქალბატონებში -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო ავთანდილ კუტალაძემ, რომელიც -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. დღეს კი საქართველოს სახელით ვლადიმერ ახალკაცი, ლაშა ბექაური, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე და გურამ თუშიშვილი ასპარეზობენ.

81 კგ

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ვლადიმერ ახალკაცი იცავს. ვლადიმერ ახალკაცი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე კვიპროსელი - ფედიას კონარისი იყო. ვლადიმერ ახალკაცმა მარტივად გაიარა კვიპროსული ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი - ბოგდან ზუსკო იყო. ქართველმა ფალავანმა უკრაინული ბარიერიც მარტივად გაიარა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას შვეიცარიელი - ლუკას ვიტვერი დაუხვდა. ვლადიმერ ახალკაცმა შვეიცარიელიც ბეჭებზე გააკრა და საკუთარი ბადის გამარჯვებული გახდა. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე პორტუგალიელი - მიგელ ალვეში იყო, რომელიც ახალკაცმა ძალიან მარტივად იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

90 კგ

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლაშა ბექაური და იმედა გოგოლაძე იცავენ. იმედა გოგოლაძემ ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ესპანელი - მარკ საბატერ ბრაუ იყო. იმედამ ესპანელი მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას ავსტრიელი - სებასტიან შნეიდერი დაუხვდა. ქართველმა ფალავანმა ავსტრიელიც მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ბელგიელ - იოაკიმ ბოტიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე სლოვაკი - მიროსლავ ბლაჰუსიაკი იყო. ქართველმა ფალავანმა სლოვაკი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ძალიან წარმატებით იასპარეზა. ლაშა შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე უძლიერესი იტალიელი ძიუდოისტი - მატეო მარკონჩინი იყო. ლაშამ მცირე სენსაცია მოახდინა და იტალიელი 2 ვაზარით დაამარცხა. მისი შემდეგი მეტოქე უკრაინელი - ვიქტორ მაკუია იყო, რომელიც ლაშამ მარტივად იპონით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მას ბრიტანელი - მაქს სტიუარტი დაუხვდა. ლაშა ბექაურმა ულამაზესი იპონით დაამარცხა ბრიტანეთის წარმომადგენელიც და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი - იოაკიმ ბოტიე  იქნება.

-100 კგ

მძიმე წონაში, კერძოდ კი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ონისე სანებლიძე იცავს. ონისემ ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე რუმინელი - იონუტ ვასიანი იყო. ონისემ მასპინძელი მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მას ჰოლანდიელი - ფერინანდ ანშაჰი დაუხვდა. ონისე სანებლიძემ ჰოლანდიური ბარიერიც დაძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უნგრელი - ზალან ოჰატი იყო. ქართველმა ფალავანმა უნგრელი ულამაზესი იპონით გააკრა ბეჭებზე და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

+100 კგ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, რომელის რა თქმა უნდა განთესილი იყო. ქართველმა ფალავანმა ასაპრეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მას რუმინელი - ბოტონდ კონცი დაუხვდა. ქართველმა ფალავანმა რუმინელი ულამაზესი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას უკრაინელი - ფედირ პანკო შეხვდა. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა უკრაინელიც ულამაზესი გდებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები