“გაფრენამდე 1 საათით ადრე, ქართველი მოჭადრაკე რუსით ჩაანაცვლეს” | რა მოხდა 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის წინ?

სანამ 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოგიყვებით, ჯობს რომ ჯერ ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო დავის შესახებ მოგიყვეთ, რათა სრული სურათი შეიქმნას – ქართული სპორტის ლეგენდამ, Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე გაფრინდაშვილის მიღწევებისა და ეროვნების არასწორად წარმოჩენას ეხება.

საუბარია Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინი-სერიალზე, Queen’s Gambit-ზე (“ლაზიერის გამბიტი)”, რომელიც ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატებებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი არარეალური, შექმნილი პერსონაჟია და რეალურად, სცენარისტებმა მთავარი გმირის სიძლიერის ხაზგასმისთვის, არსებული ფაქტი დაამახინჯეს.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია – ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე და 1978 წელს, გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. ამასთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილს სერიალში “რუსი მოჭადრაკე” უწოდეს.

“Netflix-მა იცოდა, რომ გაფრინდაშვილი ქართველია, თუმცა ამის მიუხედავად, მას რუსი უწოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველები რუსეთის დომინაციისგან მუდმივ წნეხში იმყოფებოდნენ, მისი დაშლის შემდეგ კი, საქართველო რუსეთის მხრიდან ჩაგვრისა და ოკუპაციის მსხვერპლი გახდა”, – ვკითხულობთ სარჩელში.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის ფონზე, საინტერესოა გავიხსენოთ კიდევ ერთი დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას მონათხრობი, რომელიც კარგად შეგვახსენებს, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევდათ ქალ მოჭადრაკეებს საბჭოთა კავშირში ასპარეზობა და რამდენი სტრესი აქვთ მათ გამოვლილი მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნებით რუსები არ იყვნენ.

საბჭოთა კავშირში, არარუსი მოთამაშეების მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა არსებობდა. “კომუნისტები არ იყვნენ მოხარულები იმ ფაქტით, რომ ქალთა ნაკრები მთლიანად ქართველებით იყო დაკომპლექტებული”, – აღნიშნავს ნანა ალექსანდრია.

1978 წელს, ქართველებით დაკომპლექტებული ქალთა ნაკრები ბუენოს აირესში გასამართ ჭადრაკის ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად ემზადებოდა, ამ დროს კი საქმეში კრემლი ჩაერია.

“გაფრენამდე ერთი საათით ადრე, ნაკრებში მყოფი ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნანა იოსელიანი, რუსი მოთამაშით ჩაანაცვლეს. ასეთი რამ გაფრენამდე 1 საათით ადრე არ წყდება” – ამბობს ალექსანდრია.

ანალოგიური რამის გაკეთება 1980 წელს, მალტის ოლიმპიადაზეც იყო დაგეგმილი.

“თუმცა საქართველოს სპორტის მინისტრი სასწრაფოდ მოსკოვში გაფრინდა და გუნდის შემადგენლობა უცვლელი დარჩა”, – დაამატა მან.


"გაფრენამდე 1 საათით ადრე, ქართველი მოჭადრაკე რუსით ჩაანაცვლეს" | რა მოხდა 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის წინ? 1

ფოტოზე: ნანა იოსელიანი, 1993 წელს მან საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო


აქვე შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელში დეტალურად არის აღწერილი, რომ 1968 წლისთვის (პერიოდი, რომელიც ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში გვხვდება), გაფრინდაშვილს უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან ჰქონდა ნათამაშები. ასევე მოყვანილია პუბლიკაციები, რომლებიც Netflix-ს არსებულ შეცდომაზე მიუთითებდნენ.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები

გაფრინდაშვილი უდავოდ, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ის არის:

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86, 92);

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962; 65; 69; 1972; 75);

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72);

ჭადრაკის “ოსკარის” პირველი მფლობელი (1982);

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

(32925)

“გაფრენამდე 1 საათით ადრე, ქართველი მოჭადრაკე რუსით ჩაანაცვლეს” | რა მოხდა 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის წინ?

სტატიის ავტორი
-