Belive

გია გეგუჩაძე: "დასანანი ქულები დავკარგეთ"

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტური განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა - პარალელურად მიმდინარე მატჩებში, "დინამო თბილისი" "ვიტ ჯორჯიას," ხოლო "დინამო ბათუმი" კი გასვლით მატჩში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მიმდინარე ჩემპიონატში საჩემპიონო ინტრიგა უკანასკნელ მატჩამდე იყო შენარჩუნებული - ქულის დაკარგვის შემთხვევაში, თბილისელები მეორე ადგილზე გადადიოდნენ და "ლოკომოტივთან" გამარჯვებით, ჩემპიონობას "დინამო ბათუმი" იფორმებდა. მოვლენები შემდეგი სახით განვითარდა  "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ვიტ ჯორჯია" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება "დინამო ბათუმს," უკანასკნელ წუთზე გაშვებული თერთმეტმეტრიანის შედეგად ბათუმელები ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ და ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს.
IMG_0515
მატჩის დასრულების შემდეგ, განვლილი სეზონი "დინამო ბათუმისა" და "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელებმა შეაფასეს.
სეზონს დადებითად შევაფასებ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ შანსი გავუშვით, თუმცა მთლიანობაში, გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. თუკი მთელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, ვიტყვით რომ არაერთ შეხვედრაში დასანანი ქულები დავკარგეთ. ახლა გვაქვს დრო, გავაანალიზოთ თითოეული შეცდომა და მომდევნო სეზონს უფრო მომზადებულები შევხვდეთ. უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად, გამოვიყენებთ არსებულ რესურსს და ასევე, დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს," განაცხადა დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ. 
სეზონი ასევე დადებითად შეაფასა "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ.
სეზონმა წარმატებულად ჩაიარა და უკანასკნელ მატჩშიც სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. დიდი პაუზის შემდეგ, გვაქვს შესაძლებლობა, UEFA-ს ტურნირზე ვიასპარეზოთ. მთავარია ის, რომ გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. სეზონი ჯერ დასრულებული არაა - 8 დეკემბერს ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს გავმართავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ გულშემატკივარს გული გავუხაროთ," აღნიშნა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ.
 

სხვა სტატიები