Belive

Guardian | "კვარადონა" - ის ვინც ნაპოლის ფანებს ოცნების საშუალებას აძლევს

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

სერია A-ს საწყის 2 ტურში, კვიჩა კვარაცხელიამ ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო ეძებს კითხვაზე პასუხს: ვინ არის კვიჩა კვარაცხელია? მის შესახებ სტატიებს ცნობილი და გავლენიანი გამოცემები წერენ და გამონაკლისი არც ბრიტანული Guardian გახლავთ.

ნეაპოლში აღარ დარდობენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოთქვან ხვიჩა კვარაცხელიას სახელი. აპრილში, როდესაც კვარაცხელიას ტრანსფერი დადასტურდა, რჩევისთვის გუნდის პრეზიდენტს, აურელო დე ლაურენტისს მიმართეს. "რამეს მოვიფიქრებ", - თქვა მაშინ პრეზიდენტმა.

მალევე, გადაწყვიტეს, რომ მისთვის "კვარა" ეწოდებინათ. შემდეგ იყო სერია ა-ს 2 საწყისი ტური და ეს სიტყვა ბევრმა მიივიწყა. ნეაპოლური გაზეთების პირველ გვერდზე ეწერა სიტყვა: "კვარადონა". იტალიაში მის გადაბარგებამდე, მსგავს რამეს 1-2 ოპტიმისტი თუ იტყოდა.

მისი ყოფილი თანაგუნდელი, ზურიკო დავითაშვილი, ამბობდა, რომ კვარაცხელია "ქართველი მესი" იყო. WhoScored-ის სტატისტიკა კი ცხადყოფდა, რომ "რუბინში" კვარაცხელია, საშუალოდ, ზუსტად იმდენივე დრიბლინგს ახორციელებდა, რამდენსაც ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" (6.8).

სეზონის გახსნით მატჩში, "ნაპოლის" ვერონაში 1000-მდე გულშემატკივარი გაჰყვა და საყვარელი გუნდის გამარჯვება (2:5) იხილა. პირველი გოლი, თავური დარტყმით, კვარაცხელიამ გაიტანა, შემდეგ კი პიოტრ ჟელისნკისაც გაატანინა.

პასი გამაოგნებელი თავდაჯერებულობით იყო გაკეთებული - თითქოს, მოდიოდა იმ ფეხბურთელისგან, რომელიც გუნდში უკვე სრულად ინტეგრირებული იყო.

გუნდის ასეთი მარტივი გარდაქმნა როგორ უნდა მომხდარიყო? სეზონის დასაწყისში, "ნაპოლი" ხომ ლორენცო ინსინიეს, კალიდუ კულიბალისა და დრის მერტენსს (კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი და ყველა დროის ბომბარდირი) დაემშვიდობა?

ნაპოლი და დე ლაურენტისი

ზაფხულში, ულტრასები "ნაპოლის" პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. დე ლაურენტისი ნეაპოლში გულზე არ ეხატებათ და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, მან საჯაროდ თქვა, რომ ნეაპოლში პიცას კარგად ვერ ამზადებენ (?!) და ბილეთების ფასი საგრძნობლად გაზარდა. გულშემატკივრის აზრით, დე ლაურენტისი მდიდრდება, კლუბის ინფრასტრუქტურა კი განუვითარებელი რჩება.

მეორე მხრივ, მათი მტკიცება აბსურდულად ჟღერს. 2004 წლიდან, დე ლაურენტისმა კლუბი გაბანკროტებული ჩაიბარა და რამდენიმე წელიწადში, გუნდი სერია ა-ში დააბრუნა. გასული 12 სეზონის განმავლობაში, "ნაპოლიმ" ტოპ 3 გუნდში ადგილი 8-ჯერ დაიკავა და "კოპა იტალიას" 3-ჯერ დაეუფლა.

თუმცა, სიტუაციას ართულებს მისი ოჯახის მიერ, სხვა იტალიურ კლუბში განხორციელებული ინვესტიცია. 2018 წელს, დე ლაურენტიისის მედია კომპანიამ, "ფილმაურომ", იტალიური საფეხბურთო გუნდი, "ბარი" შეიძინა. მისი შვილი, ლუიჯი დე ლაურენტისი, კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა - მას შემდეგ, "ბარიმ" აღმასვლა დაიწყო და ამჟამად, სერია B-ში ასპარეზობს.

რა მოხდა ზაფხულში?

როგორც აღვნიშნეთ, გუნდი ინსინიემ, კულიბალიმ და მერტენსმა დატოვეს - გულშემატკივარი მიიჩნევდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას "ნაპოლის" მომავალი არ აინტერესებდა. სოციალურ მედიაში ხშირად შეხვდებოდით ჰეშთეგს #A16, რომელიც ნეაპოლიდან ბარიში მიმავალი ავტომაგისტრალის აღმნიშვნელი იყო - სკეპტიკოსებს სურდათ, რომ კლუბის ხელმძღვანელი ბარიში უკანმოუხედავად წასულიყო.

თუმცა შემდეგ, სეზონი დაიწყო. კვარაცხელია არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც წელს "ნაპოლიში" ბრწყინავს. შეუდარებელია ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა ნახევარდაცვაში დომინირებს, კულიბალის წასვლა კი გუნდს არ უგრძვნია - კორეელ კიმს დამაჯერებელი დებიუტი ჰქონდა.

პოზიტიური შედეგების ფონზე, ახალი ტრანსფერებიც გამოჩნდა: 22 წლის იტალიელი ფორვარდი, ჯაკომო რასპადორი "სასუოლოდან", ტანგი ნდომ`ბელე "ტოტენჰემიდან" და ჯოვანი სიმეონე "ვერონადან", რომელმაც გასულ სეზონში 17 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

კვარა და ნაპოლი

2 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავური დარტყმით მოახერხა. ალბათ, მისი შედეგით განსაკუთრებით კმაყოფილია "ნაპოლის" სპორტული დირექტორი, რომელიც ქართველი ტალანტის შეძენას განსაკუთრებით ითხოვდა.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, სჯერა, რომ კვარას კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს. "მას ძალიან დიდი წნეხი აწევს. როგორც კი წნეხისგან გათავისუფლდება, ყველა ნახავს, თუ რა დონის ფეხბურთელია", - თქვა მან.

"ნაპოლი" მეტოქის მცველებისთვის საშიში გუნდია - 2 მატჩში გატანილი 9 გოლი და სპალეტის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ რასპადორი და სიმეონე თავის სათამაშო დროს ასევე მიიღებენ.

“ჩვენ კარგ გზაზე ვდგავართ, ახლა ამ გზის გაგრძელებაა საჭირო", - დაამატა სპალეტიმ.

სხვა სტატიები