Belive

კრისტიან ძაკარდო: "შევცდი, როცა კვარაცხელიაზე 2-წლიანი პროგნოზი გავაკეთე"

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი სატრანსფერო ფასი სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროს გაუტოლდება.

"შევცდი, როცა ვიწინასწარმეტყველე, რომ კვარაცხელია ორ წელიწადში 50 მილიონი ევრო ეღირებოდა. სამაგიეროდ, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ამისთვის ერთი წელი საკმარისი იქნება.

ჯუნტოლისა და მიჩელის გუნდს ჰქონდა შესაბამისი გამბედაობა და ინტუიცია, რასაც კლუბის ვიცე-პრეზიედენტის, ედუარდო დე ლაურენტისის მხარდაჭერაც დაემატა. "ნაპოლი" ძლიერად და დროულად მოიქცა, არსებობდა რისკი, რომ პრემიერ ლიგის გრანდები მისით დაინტერესდებოდნენ. განსაკუთრებით იმის ფონზე, რასაც ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში აკეთებდა.

აქამდე მას მხოლოდ ნეაპოლში ვადევნებდი თვალს, ახლა კი მე საქართველოში, თბილისში ვიყავი სადაც მის მშობლებს, ძალიან წესიერი ადამიანებს შევხვდი. მამამისი თავდამსხმელი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. რაც შეეხება ხვიჩას, მას მუდმივად სწავლა და განვითარება სურს. მას დიდი მომავალი აქვს და მისი მოკრძალებული ხასიათი დაეხმარება საუკეთესო შედეგების პოვნაში", - თქვა კრისტიან ძაკარდომ.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 19 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, რა მაჩვენებლითაც ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "ბოლონიას" ლიდერს, მარკო არნაუტოვიჩს ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 6 გოლია. 

შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" "აიაქსის" წინააღმდეგ 4 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გამართავს.

სხვა სტატიები