Belive

ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თანამდებობა მესამე ოთხწლიანი ვადით შეინარჩუნა. სასტუმრო „სტამბის“ ვერანდაზე გამართულ სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს ღია წესით ჩატარებულ კენჭისყრაში მხარი დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა - პრეზიდენტმა 117 ხმა მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნები სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი ბოლო საკითხი იყო. იქამდე კი, ჯერ კიდევ დღის წესრიგის დამტკიცებამდე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და დელეგატებს მიმართა რამდენიმე დელეგატმა, რომ სესია მინიმუმ სამი თვით გადადებულიყო. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ, საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კოსტავამ განაცხადეს, რომ ჩასატარებელი არჩევნები არ გამოხატავდა სპორტული ფედერაციების პოზიციას, რადგან ახალი წესდება ჯანსაღ კონკურენციას ხელს უშლიდა. არჩევნების გადადების მსურველი დელეგატები მოითხოვდნენ, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა ახალ, გაცილებით დახვეწილ წესდებას. მას შემდეგ, რაც მათ მოთხოვნას დელეგატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, ასანიძემ, ცირეკიძემ და ქევხიშვილმა სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა დამსწრეთ გასული ოთხწლიანი ციკლის ანგარიში წარუდგინეს, რომელიც სეოკ-მა სესიამდე გამოაქვეყნა ოფიციალურ ვებსაიტზე. ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესზე და დელეგატებს უთხრა, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს მოპოვებული აქვს რვა ლიცენზია. ოც სპორტსმენს კი ოლიმპიური ნორმატივის შესრულება უკვე თითქმის გარანტირებული აქვს. სეოკ-ის ხელმძღვანელობის ვარაუდით, ტოკიოში ქართულ დელეგაციაში ოცდათხუთმეტამდე სპორტსმენი იქნება. სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ტრადიციულად, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წლებში, სეზონის დასრულების შემდეგ. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო და ამის გათვალისწინებით, ერთი წლის დაგვიანებით, სწორედ იაპონური ოლიმპიური თამაშების შემდეგ შედგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებიც. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ ხელმძღვანელობას კი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაჯამებელი ორი ოლიმპიური თამაშები ექნება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. წყარო: რადიო თავისუფლება

სხვა სტატიები