Belive

Live.ge-ს იაპონური დღიურები – დღე III

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჰაჩიკოზე ცრემლი არ მოსდგომია თვალზე და გული ოდნავ არ ასჩქარებია მისი ისტორიის მოსმენისას. დღეს სწორედ იმ ადგილს ვეწვიეთ სადაც ლეგენდარული აკიტას ჯიშის ძაღლი გარდაცვლილ პატრონს წლების მანძილზე ელოდებოდა, შიბუიას მეტროსადგურთან მისი ძეგლიც კი დგას. ტოკიოს სიდიდისა და სირთულეების შესახებ წინა დღეებში მოვყევი, დღეს ამ სირთულეებს კიდევ ერთხელ ვემეგობრეთ, დილა დაიწყო შინჯუკუს სადგურზე ოსაკასაკენ მიმავალი ღამის ავტობუსის ბილეთების შეძენით და შემდეგ შიბუიაზე გასეირნებით, ამ უბნის გრანდიოზულობაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ გეტყვით რომ ტოკიოს ბიზნეს ცენტრში 221 000 ადამიანი ცხოვრობს, და უამრავი მაღაზია თუ ოფისია განლაგებული. შიბუიას ფეხით  გადასასვლელი კი უდიდესია მსოფლიოში, აქ ფეხით მოსიარულეებისათვის მწვანეს ანთების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას. ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს ადგილი ბილბორდების განთავსების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, რა გასაკვირია რომ ბილბორდების გარკვეული ნაწილი მორაგბეებს ეჭირათ, თუმცა იქვე კეისუკე ჰონდაც გვიღიმოდა ერთ-ერთი პოსტერიდან.
  ჩვენი შემდეგი გაჩერება კი თქვენთვის კარგად ნაცნობი რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე იყო. რიოგოკუს უბანი მაშინვე იწყება როდესაც მდინარე სუმიდას გადაკვეთთ. აქაურობას სუმოს უბანსაც ეძახიან, გარდა იმისა რომ სპეციალურად სუმოსთვის განკუთვნილი დარბაზი პირველად სწორედ აქ აშენდა (კოკუგიკანი 1909 წელს), მრავლად შეხვდებით სუმოს სკოლებს და ჩანკო ნაბეს რესტორნებს (სუმოისტების სპეციალური საკვები). თვითონ კოკუგიკანი როგორც აღვნიშნეთ 1909 წელს აშენდა, თუმცა 1985 წელს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღესდღეობით 11098 მაყურებელს იტევს. ბევრი თხოვნის მიუხედავად დარბაზში არ შეგვიშვეს , თუმცა შენობა გარედანაც საკმაოდ მომხიბვლელია.  
  დარბაზიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს კასუგანოს ჰეია, ანუ სკოლა სადაც ტოჩინოშინი ვარჯიშობს, ტოჩი თვითონაც აღნიშნავს რომ სკოლიდან დარბაზში ხშირად დადის ფეხით. თვითონ ჰეია წყნარ ქუჩაზე, ცენტრალური ნაწილისგან მოშორებულად მდებარეობს, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში სკოლა ცარიელი იყო, რადგან ტოჩი და მისი გუნდელები შეკრებაზე იმყოფებიან. ეს დღიური ოსაკას ავტობუსიდან იწერება, საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ფიჯის სწორედ ოსაკაში დაუხვდება, და იმედი გვაქვს რომ ოსაკა და ეს შეხვედრაც ისეთივე წარმატებული გამოდგება როგორიც კუმაგაია და ურუგვაისთან მატჩი იყო.

სხვა სტატიები