Belive

მადრიდი დასრულებულია, შემდეგი მასტერსული გაჩერება - რომია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მთელი კვირის განმავლობაში მასტერსის ტიპის ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც ყველა ელიტარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა, რა თქმა უნდა მათ გარდა, ვინც ტრავმის გამო ვერ ასპარეზობენ.
ტურნირს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყოლია, ვინაიდან თიხის მეფე რაფაელ ნადალი ამჟამად დამახასიათებელ ფორმაში არ იმყოფება. დავიწყოთ საინტერესო ფაქტით - ტურნირზე ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომელსაც უამრავი ჩოგბურთის ქომაგი ელოდა, ერთმანეთის პირისპირ საჩოგბურთო სამყაროს ახალგაზრდა ვარსკვლავევბი, მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი ალექსანდრ ზვერევი და მე-9 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დადგნენ. აქამდე მათ შორის გამართულ ორ შეხვედრაში თანაბარი ბალანსი ფიქსირდებოდა, თუმცა ბერძენმა ჩოგბურთელმა ზვერევთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი საკუთარი თავისთვის დადებითი გახადა, მან 3-სეტიან დაპირისპირებაში მეტოქე ღირსეულად დაამარცხა. ზვერევის წინააღმდეგ ციციპასის გამარჯვება რომ "დამსახურებული" იყო ეს ყველაფერი მან მომდევნო შეხვედრაში კიდევ უფრო გაამყარა, სადაც ესპანელი მატადორი, მადრიდის შეჯიბრის 5-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი გამოთიშა ტურნირს და ფინალის საგზური მოიპოვა.
  აღსანიშნავია გასული ორი წლის (2017, 2018) ფინალისტის, დომენიკ ტიმის ღირსეული ასპარეზობა ტურნირზე. ის მთელი შეჯიბრის განმავლობაში უფრო და უფრო კარგ წარმოდგენას ტოვებდა მაყურებელზე. ბუნებრივია, რომ ტიმის ბრწყინვალე გამარჯვება შვეიცარიელი მაესტროს - როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ, სადაც ავსტრიელმა 37 წლის როჯერი ნამდვილად დაჯაბნა. ასევე შესანიშნავად იასპარეზა ამჟამინდელი საუკეთესო ჩოგბურთელის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, სადაც ნოლემ მეტოქე ორ სეტში, ორი ტაიბრეიკის წყალობით დაამარცხა. 25 წლის ავსტრიელი ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი, ახალ რეიტინგში მას ფინალში ვერ გაღწევის გამო 240 ქულა დააკლდება, თუმცა რომის მასტერსზე ის მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი იქნება, ვინაიდან რეიტინგში მისმა უშუალო კონკურენტმა ალექსანდრ ზვერევმა, ვერ დაიცვა გასულ წელს მადრიდის ტურნირის გამარჯვებით მოპოვებული ქულები.
რაც შეეხება მადრიდის მასტერსის ტიტულს - ის პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ერგო. სერბი ჩოგბურთელი მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჯოკოვიჩი მთელი ტურნირის განმავლობაში მეტოქეების წინააღმდეგ დომინანტი გახლდათ, თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვით ამ ყველაფერს მისი და დომენიკ ტიმის შეხვედრაზე, სადაც ნოლე ცალსახად მეორე ნომრად თამაშობდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა, იგი უახლოეს მდევარს, მე-2 ნომერ რაფაელ ნადალს 4 170 ქულით უსწრებს. ჯოკოვიჩმა ტიტულის დასაუფლებელი შეხვედრა ახალგაზრდა ბერძენი ჩოგბურთელის, სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ ჩაატარა. პირველმა ნომერმა ციციპასს ჩემპიონობისაკენ გახედვის უფლებაც კი არ მისცა, ვინაიდან ყოველგვარი ინტრიგის გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ჯოკოვიჩმა მადრიდული ასპარეზის მოგება მესამეჯერ მოახერხა, ეს მის კარიერაში 33-ე მასტერსის ტიტულია, რაც ყველაზე მთავარია მიმდინარე ტურნირზე სერბს მეტოქეებისათვის არცერთი სეტი არ დაუთმია.
  "ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი და შედეგიც კარგი მივიღე, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის მადრიდის მასტერსის ტიტული და დიდი იმედი მაქვს მომავალ კვირაში ანალოგიურ შედეგს რომშიც მივაღწევ", - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
მომდევნო კვირიდან საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 1 საფეხურით უკან დაიწევს და მე-18 ნომრად მოგვევლინება. ჩვენებურმა უკვე ჩაატარა რომის მასტერსის პირველი შეხვედრა, რომელიც მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქესთან მარტონ ფუქსოვიჩთან გამარჯვებით დაასრულა. მეორე რაუნდში კი მიხაილ კუკუშკინისა და ლასლო ჯერეს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, აქ გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი ალბათობით მისი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.  

სხვა სტატიები