Belive

მარტის ბაშოს რეიტინგი

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2020 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირს ქალაქი ოსაკა მასპინძლობს, სადაც მარტის ანუ ჰარუ ბაშო გაიმართება.

იაპონური სუმოს ასოციაციამ ჰარუ ბაშოსათვის განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველები 

ტოჩინოშინი ოსაკაში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს, რაც შეეხება მეორე ქართველ გოლიათს - თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ მაკუშიტა დივიზიონში დასავლეთის 44-ე წარმომადგენელი იქნება. სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორივე ქართველს კვლავ ტრავმა აწუხებს - ტოჩინოშინს აქვს შანსი, რომ ბაშოს დაწყებამდე შეძლებისდაგვარად ფორმაში ჩადგეს, თუმცა გაგას მდგომარეობა იმდენად რთულადაა, რომ იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

იოკოძუნა 

განახლებული ბანძუკეს სათავეში სუმოს მამების გადაწყვეტილებით იოკოძუნა ჰაკუჰო მოექცა, შესაბამისად დასავლეთის წარმომადგენელი იოკოძუნა - კაკურიუ იქნება. აქვე გეტყვით, რომ იანვარში მე-3 საბრძოლო დღის შემდეგ არცერთი მათგანი აღარ ასპარეზობდა.

ოძეკი 

მოგეხსენებათ, რომ წარუმატებელი იანვრის ბაშოსა და მრავალწლიანი ოძეკობის დასრულების შემდეგ იაპონელმა მებრძოლმა გოეიდომ კარიერა დაასრულა. ჰაცუ ბაშოზე ვერც ტაკაიასუმ მოახერხა ოძეკისათვის მინიჭებული პრივილეგიით წარმატებული სარგებლობა, რომელიც სტატუსის დაკარგვიდან შემდეგ ბაშოზე 10 გამარჯვების დაგროვების შემთხვევაში წოდების აღდგენას გულისხმობს. ვერც ასანოიამამ მოახერხა ოძეკობისათვის წაყენებული კრიტერიუმის დაკმაყოფილება - ამისათვის მას განვლილ ბაშოზე 12 გამარჯვება სჭირდებოდა. ამრიგად მარტის ბაშოს მხოლოდ ერთი ოძეკი, 23 წლის ტაკაკეიშო, ეყოლება. იყო მოსაზრება თითქოს, 38 წლის შემდეგ, რომელიმე იოკოძუნა ოძეკის სტატუსსაც მოირგებდა და იოკოძუნა-ოძეკის რანგში იასპარეზებდა, თუმცა სუმოს მამების გადაწყვეტილებით აღნიშნულ მოსაზრებას ხორცი არ შეესხა.

სეკივაკე 

მარტის ბანძუკეში 2 სეკივაკეა - ერთი აღმოსავლეთიდან, მეორე დასავლეთიდან. ცხადია, რომ აღმოსავლეთის სეკივაკე ასანოიამაა, რომელსაც სუმოს მამებმა კვლავ მისცეს ოძეკობის შანსი - იმ შემთხვევაში თუ იაპონელი სეკიტორი ბაშოზე 12 გამარჯვებას მოუყრის თავს, მომდევნო ბაშოზე მას ოძეკის რანგით ვიხილავთ. დასავლეთის სეკივაკე შოდაი იქნება - ამ უკანასკნელს შესანიშნავი ჰაცუ ბაშო ჰქონდა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსიც ხვდა წილად.

კომოსუბი 

ორი სუმოისტი მოირგებს კომოსუბის სტატუსსაც - აღმოსავლეთის კომოსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელსაც შესანიშნავი ბალანსი ჰქონდა იანვარში 11 მოგება და 4 მარცხი - მან 2 ოძეკი და 2 იოკოძუნა (ჰაკუჰო უბრძოლველად - Fusen) დაამარცხა და დამსახურებულადაც დაწინაურდა. დასავლეთის კომოსუბი ენდო იქნება, იაპონელმა უიშვიათესი რამ შეძლო - საწყის 2 დღეში იოკოძუნა კაკურიუ და იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, მათ კვალს მესამე დღეს ოძეკი გოეიდოც გაუყენა და სუმოს მაყურებლების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, საბოლოოდ მან 9 მოგება დააგროვა.
რაც შეეხება მაეგაშირებს, ამ მხრივ უპრეცედენტო შემთხვევაა: ბანძუკეში სუმოს მამებმა მე-18 მაეგაშირას პოზიცია "დააწესეს", ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სანიაკუს წევრების 7-მდე შემცირებაა. ქართველი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სეკიტორი - ენჰო კარიერის საუკეთესო ნიშნულზეა, ჰარუ ბაშოზე ის აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იქნება. რაც შეეხება იანვრის ბაშოს ჩემპიონ ტოკუშორიუს, მან 15-საფეხურიანი აღმასვლა განიცადა და მარტის ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას რანგით იასპარეზებს.  

სხვა სტატიები