ნამდვილი ლაზიერის გამბიტი

მინისერიალი “ლაზიერის გამბიტი” Netflix-ის ახალი რეკორდსმენი გახდა. შოუმ 62 მილიონი ნახვა მოაგროვა პრემიერიდან 28 დღეში.

ლაზიერის გამბიტი  უოლტერ ტევესის 1983 წელს დაწერილ ბესტსელერს ეფუძნება, მინისერიალის მთავარი გმირი მოჭადრაკე ბეთ ჰარმონია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატებთან თამაშის სურვილითაა შეპყრობილი. ბეთ ჰარმონის როლს მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს.

საინტერესო ფაქტია, რომ  Netflix-ის ახალ სერიალში საუბარი მსოფლიოს ხუთგზის ქართველ ჩემპიონზე ნონა გაფრინდაშვილზეც არის.

ერთ-ერთ სერიაში, როდესაც ჰარმონი მოსკოვში აღმოჩნდა და დაუპირისპირდა უძლიერეს მოჭადრაკეებს, კადრში ყოფილი საბჭოთა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხვდება. ეპიზოდში ჰარმონი მამაკაც კონკურენტს ერკინება, კომენტატორი მის სქესს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ის ერთადერთი გამორჩეული მოჭადრაკე ქალი არაა.

“ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა ის ერთადერთი არაა. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეს”.

რასაკვირველია, სერიალში ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული, რადგან ქართველ მოჭადრაკეს არაერთხელ უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ.

სიინგაპურელი მოჭადრაკე და ისტორიკოსი ოლიმპიუ ურკანი თავის ბლოგპოსტში წერს:

“ამ სერიალში რეფერენსი ერთადერთ რეალურ ქალ მოჭადრაკესთან გვხვდება და ეს ნონა გაფრინდაშვილია. ბოლო ეპიზოდში გვეუბნებიან, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შებრძოლებია კაც მოთამაშეს, რაც, ცხადია, სიმართლე არაა. მხატვრულია ამბავი თუ არა, საფრთხილოა ნამდვილ სახელებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება. გაფრინდაშვილმა 1960-იან წლებში ბევრი იბრძოლა, რომ კაცების ტურნირებში ჩართულიყო”.

სერიალში დაშვებულმა შეცდომამ თავად გაფრინდაშვილიც ძალიან გააოცა, რადგან მისთვის კაცებთან ჭადრაკის თამაში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, იქნებოდა ეს ესტონელი კერესი თუ სერბი გლიგორიჩი, ამერიკელი ტარიანი თუ ლატვიელი ტალი.

ნამდვილად ბევრ უდიდეს დიდოსტატთან მითამაშია”, – ამბობს 79 წლის გაფრინდაშვილი თბილისიდან ჩართვისას და თანაც ტელევიზორში უყურებს, როგორ გადის მისთვის საყვარელი სნუკერისტი ჯად ტრამპი ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ნახევარფინალში. ნონა ქალთა შორის პირველი დიდოსტატი (ეს კი ჭადრაკში უმაღლესი წოდებაა) 37 წლის ასაკში გახდა. “კაცებთან მართლაც ბევრი პარტია გავმართე და ამისთვის მათგან ბევრი მადლობაც მიმიღია. ასე რომ, ეს ნამდვილად სიცრუეა. შეიძლება, ემოციურად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, არასწორია, როდესაც ამა თუ იმ პიროვნების მიღწევების შესახებ, თუნდაც ფილმში, არასწორ ინფორმაციას ავრცელებ”.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. 1978 წლამდე ამ ტიტულს მხოლოდ  მოჭადრაკე  კაცები იღებდნენ.

ნონა გაფრინდაშვილი ქალთა შორის  მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში პირველად 1962 წელს, 21 წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ ოთხჯერ დაიცვა ტიტული და მხოლოდ 1978 წელს დამარცხდა კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკესთან, 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან.

ნონა გაფრინდაშვილს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვების რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ხოლო ინდივიდუალურად 9 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. გაფრინდაშვილი საქართველოს ოთხგზის, ხოლო საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი წარმატებით ასპარეზობდა კაცთა საჭადრაკო ტურნირებზე.


ნამდვილი ლაზიერის გამბიტი 1

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, სერიალს არ უყურებს და არც სმენია, თუ ნეტფლიქსის პოპულარულ დრამაში მისი სახელი ახსენეს. ქართველი მოჭადრაკე ამბობს, რომ ასევე არ ახსენდება სხვა ფილმი ან სერიალი, რომელშიც მასზე საუბრობენ.

თუმცა, ამავდროულად, გაფრინდაშვილს სჯერა, რომ ისეთი სერიალები, როგორიც “ლაზიერის გამბიტია”, ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. “იმედი მაქვს, ფილმი დიდ ინტერესსა და ჭადრაკის წინსვლას გამოიწვევს, ისევე, როგორც ჩემი პირველი მოგებები. ყველაზე მთავარი იმის გათავისებაა, რომ რაც არ უნდა ბევრი წინააღმდეგობა შეგვხდეს, უკან არ უნდა დაიხიო. ეს კომპლექსური თამაშია, რომელიც უდიდეს ყურადღებას იმსახურებს”.

(943)

ნამდვილი ლაზიერის გამბიტი

სტატიის ავტორი
-