Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის სვლა ჰამბურგის საჩემპიონო გზაზე წარმატებით გრძელდება

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
გრძელდება ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონის რანგში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს, შესაბამისად მას საკმაოდ დიდი ძალისხმევა მართებს, რომ გასულ წელს მოპოვებული 500-ქულა დაიცვას და საჩემპიონო თასი მეორედ აღმართოს. ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა, მისი პირველი რაუნდის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად, ორ სეტში დაამარცხა. რაც შეეხება ჩვენებურის მეორე რაუნდის მეტოქეს, ეს გახლდათ არგენტინელი, ხუან იგნასიო ლონდერო, რომელთანაც 3-სეტიანი დაპირისპირების შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპის საგზური ნიკოლოზს დარჩა. პირველი სეტის საწყის გეიმებში ნიკას თამაშს დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა მან ძალების მობილიზება მალევე მოახერხა და სეტებშიც დაწინაურდა - 6:4. მეორე სეტში საწყისი გეიმები მეტოქეებმა გაინაწილეს, თუმცა გარდამტეხ მომენტში ლონდერომ ბრეიკის შესრულება მოახერხა, რითაც სეტებში წონასწორობა აღადგინა - 3:6. გადამწყვეტ სეტში ქართველი ჩოგბურთელი ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებული გამოვიდა, მან უმალვე მოახერხა ბრეიკის გაკეთება და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შესაბამისად შეხვედრაც წარმატებით დაასრულა - 6:3. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 3:6, 6:3 - ბასილაშვილის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 77-ე ჩოგანი ჟერემი ჩარდი იქნება, რომელმაც ჰამბურგის ასპარეზზე თანამემამულე ფრანგები, ჯერ ბენუა პერი, შემდეგ კი რიშარ გასკე დაამარცხა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები