Belive

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ქართული სპორტის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა, Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე გაფრინდაშვილის მიღწევების მიზანმიმართულად არასწორად წარმოჩენას ეხება. საუბარია Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინი-სერიალზე, Queen's Gambit-ზე ("ლაზიერის გამბიტი)", რომელიც ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატებებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი არარეალური, შექმნილი პერსონაჟია და რეალურად, სცენარისტებმა მთავარი გმირის სიძლიერის ხაზგასმისთვის, არსებული ფაქტი დაამახინჯეს. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია - ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე და 1978 წელს, გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. ამასთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილს სერიალში "რუსი მოჭადრაკე" უწოდეს.
"Netflix-მა იცოდა, რომ გაფრინდაშვილი ქართველია, თუმცა ამის მიუხედავად, მას რუსი უწოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველები რუსეთის დომინაციისგან მუდმივ წნეხში იმყოფებოდნენ, მისი დაშლის შემდეგ კი, საქართველო რუსეთის მხრიდან ჩაგვრისა და ოკუპაციის მსხვერპლი გახდა", - ვკითხულობთ სარჩელში.
სარჩელში ასევე ხაზგასმულია, რომ ნონა გაფრინდაშვილი აღტაცებული უყურებს გამოგონილ მოჭადრაკეს, რომელიც, თითქოსდა, პირველად უპირისპირდება მამაკაც მოთამაშეს . რეალურად კი, გაფრინდაშვილის მიღწევები იმ პერიოდის მოჭადრაკე ქალებისთვის შთამაგონებელი იყო. იხილეთ მომენტი მინი-სერიალიდან, სადაც ნონა გაფრინდაშვილის როლის შემსრულებელს მაყურებლების ადგილას ვხედავთ.


სარჩელში დეტალურად არის აღწერილი, რომ 1968 წლისთვის (პერიოდი, რომელიც ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში გვხვდება), გაფრინდაშვილს უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან ჰქონდა ნათამაშები. ასევე მოყვანილია პუბლიკაციები, რომლებიც Netflix-ს არსებულ შეცდომაზე მიუთითებდნენ.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები

გაფრინდაშვილი უდავოდ, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ის არის:
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86, 92); მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962; 65; 69; 1972; 75); ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72); ჭადრაკის "ოსკარის" პირველი მფლობელი (1982); საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

სხვა სტატიები