Belive

პარიზის მასტერსის მეორე დღის შეჯამება

5 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
მედვედევი Vs კარენო-ბუსტა უკანასკნელ პერიოდში რუსი ჩოგბურთელი შესანიშნავ თამაშებს გვთავაზობს, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურობის მხრივაც მოიმატა მისმა თამაშმა. პარიზის მასტერსზე დანილ მედვედევის მეტოქე ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა გახლდათ, რომელიც ძალიან სწრაფად, 50 წუთსა და 2 სეტში, ანგარიშით - 6:2, 6:2 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე მედვედევი ახალგაზრდა ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება. ვერდასკო Vs ჩარდი  34 წლის ესპანელი ჩოგბურთელი გასულ კვირაში ვენის 500-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალიდან დრამატული ორთაბრძოლის შედეგად გამოეთიშა, ფორმის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში იგი კარგად გამოიყურება. ჟერემი შარდისა და ვერდასკოს ორთაბრძოლა 2 სეტში ერთი და იმავე ანგარიშით - 6:4, 6:4 ესპანელის გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ვერდასკო მსოფლიოს პირველ ნომერ რაფა ნადალს დაუპირისპირდება. ებდენი Vs ხაჩანოვი  ავსტრალიელი ჩოგბურთელი მატჩის სტარტზევე ცუდად გამოიყურებოდა, ხაჩანოვი კი ყველა შანსს იყენებდა. პირველ სეტში რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქე ანგარიშით - 6:2 დაამარცხა. მეორე სეტში, როდესაც ებდენი ანგარიშით 0:2-ზე საკუთარ მოწოდებას მეორედ აგებდა (0:40), დანებდა და მეტოქე ავტომატურად მომდევნო ეტაპზე გავიდა. ერბერი Vs კუკუშკინი  კუკუშკინმა გასულ კვირაში ვენის ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც ნიშიკორთან დამარცხდა. ერბერმა პირველ სეტში მეტოქე ანგარიშით - 6:3 დაამარცხა, თუმცა სწორი და სტაბილური თამაშით კუკუშკინმა შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3, 3:6, 5:7 კუკუშკინის სასარგებლოდ. შემდეგ ეტაპზე კუკუშკინი დაუპირისპირდება ჯონ ისნერს. ფუქსოვიჩი Vs პერი  ბენუა პერიმ საკუთარ სამშობლოში მაყურებელს ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზა გარდა წითელი თმებისა, არც ისე დაძაბულ ორთაბრძოლაში მარტონ ფუქსოვიჩი შეხვედრის გამარჯვებული გახდა და მომდევნო ეტაპზე ფაბიო ფონინის შეხვდება. ციციპასი Vs ძუმჰური ახალგაზრდა ბერძენი სტეფანოს ციციპასი TOP 10-სკენ ელვის სისწრაფით მიიწევს, თუმცა პარიზის მასტერსზე დამირ ძუმჰურთან შეხვედრის შემდეგ 2018 წელს მის წინსვლას წერტილი დაესვა. შეხვედრა 2 სეტში ბოსნია ჰერცოგოვინელი მოთამაშის გამარჯვებით, ანგარიშით 3:6, 3:6 დასრულდა. ძუმჰურის მომდევნო მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. სიმონი Vs პუიე  ფრანგებს ბადის მხრივ აშკარად არ გაუმართლათ, ვინაიდან ორი გამორჩეული ჩოგბურთელი ჟილ სიმონი და ლუკა პუიე პირველივე რაუნდში ერთმანეთს გადაეყარნენ. სიმონმა, რომელმაც ფედერერთან უკანასკნელ შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თანამემამულე 2 სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:4 დაამარცხა. ჟილ სიმონი მომდევნო წრეში დომენიკ ტიმს შეხვდება. რაონიჩი Vs ცონგა დღის ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა მილოშ რაონიჩის და ჯო-უილფრიდ ცონგას მონაწილეობით შედგა. შეხვედრის გამარჯვებულის გამოვლენისათვის 3 ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო და რაც ყველაზე მთავარია 36 (!!!) გეიმი უბრეიკოდ. 6:7(4), 7:6(5), 7:6(5). მილოშ რაონიჩი მომდევნო ეტაპზე მაესტროს ანუ როჯერ ფედერერს შეხვდება. სოუზა Vs ჯოკოვიჩი  შეხვედრის დაძაბულობამ პირველ 10 გეიმს გასტანა, რის შემდეგაც ნოლემ პირველი სეტის მოსაგებად უმნიშვნელოვანესი ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეორე სეტი ანგარიშით - 6:1 მოიგო. ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე დამირ ძუმჰურია.

სხვა სტატიები