Belive

პარიზის მასტერსის მესამე დღის შეჯამება

5 წლის წინ ქართული სპორტი
7 წთ

კუკუშკინი Vs ისნერი 

უკანასკნელ პერიოდში კუკუშკინი აქტიურადაა ჩართული ყველა ტურნირში, ამჟამად მან საკუთარი ძალები პარიზის მასტერსზე მოსინჯა, სადაც მეორე რაუნდის შეხვედრაში ჯონ ისნერს შეხვდა (პირველ რაუნდში მან ადგილობრივი ჩოგბურთელი, ერბერი დაამარცხა). შეხვედრის ფავორიტად ჯონ ისნერი მიიჩნეოდა. პირველ სეტში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ამერიკელმა სასტარტო სამი გეიმი საკუთარ აქტივში მიითვალა და გაიმარჯვა კიდეც, მეორე და მესამე სეტში კი ტაი-ბრეიკი ვიხილეთ, სადაც ჯერ კუკუშკინმა იმარჯვა, ხოლო გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე ისნერმა მეტოქეს მხოლოდ 1 ქულა დაუთმო. მომდევნო ეტაპზე ისნერის მეტოქე რუსი ჩოგბურთელი, კარენ ხაჩანოვი იქნება.   

მანარინო Vs ნიშიკორი

ვენის ტურნირის ფინალისტი კეი ნიშიკორი პარიზის მასტერსზეც შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, მეორე რაუნდში მისი მეტოქე ასევე კარგ ფორმაში მყოფი ადრიან მანარინო გახლდათ. საკუთარ სამშობლოში მოასპარეზე ფრანგმა ჩოგბურთელმა გამოცდილ იაპონელს განსაკუთრებული ვერაფერი დაუპირისპირა და შეხვედრა 2 სეტში, ანგარიშით - 5:7, 4:6 ნიშიკორის სასარგებლოდ დასრულდა. მომდევნო ეტაპზე იაპონელის მეტოქე კევინ ანდერსონი იქნება.   

ზვერევი (ალექსანდრ) Vs ტიაფო 

ამ ორ ჩოგბურთელს შორის განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება შედგა. ზვერევს პირველი სეტის მოსაგებად დიდი გარჯა დასჭირდა, მან 6-დან მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და თანაც ყველაზე მნიშვნელოვან დროს, თუმცა აღსანიშნავია რომ ტიაფომ 7 ბრეიკ-პოინტის შანსი გაუშვა ხელიდან. მეორე სეტში 20 წლის ამერიკელმა ზვერევს ბრეიკი შეუსრულა. მეორე სეტში 5 ბრეიკი შესრულდა, საიდანაც სამი ბრეიკის ავტორი საშა ზვერევი გახლდათ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 7:5, 6:4 - ზვერევის მომდევნო მეტოქე დიეგო შვარცმანი იქნება.  

ბაუტისტა-აგუტი Vs დიმიტროვი

  გრიგორ დიმიტროვმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. პირველი სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც თამამად შეიძლება ითქვას, დრამატული ბრძოლის გამარჯვებული ბულგარელი ჩოგბურთელი გამოდგა. მეორე სეტში ბაუტისტა-აგუტმა ძალიან ცუდად დაიწყო, იგი ორი ბრეიკით აგებდა, თუმცა შესანიშნავი "ქამბექი" გააკეთა, რითაც წონასწორობა აღადგინა - საბოლოოდ სეტი და შესაბამისად მატჩი, მაინც დიმიტროვის გამარჯვებით დასრულდა. გრიგორის მომდევნო მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.   

გასკე Vs სოკი

რიშარ გასკე მშობლიურ კედლებში 2018 წლის ყველაზე წარუმატებელ "ელიტარულ" სპორტსმენს, ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა. საათსა და 19 წუთში ჯეკ სოკმა ფრანგი მოწინააღმდეგე 2 სეტში, ერთნაირი ანგარიშით - 6:3, 6:3. ჯეკ სოკს პარიზის მასტერსზე დიდი მოვალეობა აკისრია, იგი წინა წლის გამარჯვებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 1000 ქულა აქვს დასაცავი. 2018 წელს ჯეკ სოკს ზედიზედ ორი თამაში ჯერ კიდევ არ აქვს მოგებული. სტატისტიკურად სოკმა მომდევნო თამაში უნდა წააგოს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მას მომდევნო ეტაპზე არც თუ ისე რთული მეტოქე - მალეკ ჯაზირი შეხვდება.  

ანდერსონი Vs ბასილაშვილი

საქართველის პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასანანი მარცხი იწვნია მსოფლიო რეიტინგის მე-7 საფეხურზე მდგომ კევინ ანდერსონთან. წაგებული პირველი სეტის შემდეგ ბასილაშვილი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მოიგო მეორე სეტი და მშვენივრად იასპარეზა გადამწყვეტ სეტშიც, თუმცა ჩოგბურთის გულშემატკივარს ასეთი გაბრაზებული ნიკა გუშინდლამდე შეიძლება არც ჰყოლოდა ნანახი, იგი ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული ჩოგბურთელია და გაბრაზებამ უმალვე ჩაიარა. საბოლოოდ შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით - 6:3, 6:7(3), 7:6(3) - ანდერსონის გამარჯვებით დასრულდა - მომდევნო ეტაპზე კეი ნიშიკორია.  

ნადალი Vs ვერდასკო 

საინტერესოა, რომ გუშინდელი დღის ცენტრალური მოვლენა რაფაელ ნადალისა და ფერნანდო ვერდასკოს შეხვედრაა, რეალურად კი ეს დაპირისპირება საერთოდ არ შემდგარა. სამწუხაროდ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, რაფაელ ნადალმა კორტზე გამოსვლა ვერ მოახერხა, რამაც მას 180 სარეიტინგო ქულა ავტომატურად დააკლო, რომელიც წინა წელს ჰქონდა მოპოვებული - ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი მომავალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება.  

ჯაზირი Vs ვერდასკო

ვინაიდან რაფაელ ნადალი ტურნირიდან მოეხსნა, ფერნანდო ვერდასკოს მეტოქის ამპლუა მალეკ ჯაზირიმ მოირგო. მალეკ ჯაზირი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას, თუმცა "ლაქი ლუზერის" პრინციპით იგი ტურნირს დაუბრუნდა. ტუნისელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ვერდასკოს წინააღმდეგ, მან ესპანელი 2 საათსა და 26 წუთში, 3 სეტიან ბრძოლაში დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ტუნისელი წინა წლის პარიზის მასტერსის ჩემპიონ ჯეკ სოკს შეხვდება.  

ლოპესი Vs შვარცმანი 

გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელი ფელიციანო ლოპესი, კარგი ტექნიკის მქონე დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ წარსდგა. შეხვედრა 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. 3 სეტიანი ორთაბრძოლის გამარჯვებული დიეგო შვარცმანი გახლდათ. მომდევნო წრეში არგენტინელს ალექსანდრ ზვერევი შეხვდება.  

სიმონი Vs ტიმი 

ახალგაზრდა ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომენიკ ტიმმა ფრანგებს კიდევ ერთი ჩოგბურთელი გამოაკლო პარიზის მასტერსიდან. დომენიკმა ჟილ სიმონი 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ბორნა ჩორიჩს შეხვდება.   

ჩორიჩი Vs მედვედევი

ბორნა ჩორიჩი აგრძელებს ჩოგბურთის მოყვარულების გაკვირვებას, ახალგაზრდა ჩოგბურთელი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ჩორიჩმა მედვედევი 2 სეტში დაამარცხა, ანგარიშით - 6:4, 6:4. მომდევნო ეტაპზე ჩორიჩის მეტოქე, როგორც ზევით აღვნიშნეთ დომენიკ ტიმი იქნება.   რაც შეეხება ჩოგბურთის მაესტროს იგი ზუსტად ისივე დარჩა "ჩაცმულ-დახურული", როგორც მთავარ სურათზეა აღბეჭდილი. მისი მეტოქე მილოშ რაონიჩი კორტზე ვერ გამოცხადდა, რაც როჯერის ავტომატურ მოგებას ნიშნავდა. ასევე უბრძოლველად გავიდა მომდევნო რაუნდში ფაბიო ფონინი, იგი მარტონ ფუქსოვიჩს ხვდებოდა თუმცა ვერც მისმა მეტოქემ მოახერხა კორტზე გამოსვლა.  

სხვა სტატიები