Belive

ფელიქს ვისენტე: "ჩვენს რეალურ ძალას ფეიენოორდთან ვაჩვენებთ"

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
"დინამო თბილისმა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში აზერბაიჯანული "გაბალა" ანგარიშით 3:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც როტერდამის "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. "დინამო თბილისი" უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეს 3 ეფექტური გოლი გაუტანა და ზედიზედ მე-11 მატჩში გაიმარჯვა (იგულისხმება ეროვნული ლიგა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი). მატჩი დადებითად შეაფასა "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს ვისენტემ: "მინდა მივულოცო "დინამოს" მთელ შემადგენლობას - როგორც ფეხბურთელებს, ასევე თითოეულ თანამშრომელს, რადგან ეს შედეგი ჩვენი გუნდურობით იქნა მიღწეული. ეს იყო ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ კარის მშრალად შენახვა კიდევ ერთხელ შევძელით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც გუნდს გვერდში უდგას და ბოლომდე ამხნევებს," განაცხადა ფელიქს ვისენტემ. მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა ლევან შენგელიამ, რომელიც გუნდს კაპიტნის სამკლავურით უძღვებოდა - შენგელიამ დუბლის შესრულება მოახერხა და გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. შენგელიას კონტრაქტი "დინამოსთან" მიმდინარე წლის აგვისტოში უმთავრდება და ჯერჯერობით მისი მომავალი გაურკვეველია. ფეხბურთის გულშემატკივარისთვის ცნობილია, რომ "დინამო თბილისის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ "ფეიენოორდს" უკავშირდება, როდესაც "დინამომ" ჰოლანდიური გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ფელიქს ვისენტეს შეფასებით, "ფეიენოორდი" დღეს ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ევროპული გრანდია და სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რა ძალა აქვს "დინამო თბილისს." "დინამოს" კარის დარაჯის, ხოსე პერალესის განცხადებით, იგი მშრალი სერიის გაგრძელებას მომდევნო მატჩშიც მაქსიმალურად შეეცდება. "დინამოსთან" მარცხთან დაკავშირებით ისაუბრა "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა, ზაურ ჰაშიმოვმა: "თბილისის დინამოსთან მარცხი დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ გუნდში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც ჩვენი თამაშის ხარისხზე აისახა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფეხბურთელმა ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას მოტეხილობა აღენიშნება," აღნიშნა ჰაშიმოვნა. "დინამო თბილისი" როტერდამის "ფეიენოორდს" 8 აგვისტოს, გასვლით მატჩში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

იხილეთ მიმოხილვა: დინამო თბილისი 3:0 გაბალა

სხვა სტატიები