Belive

ქართველები, რომლებსაც უიმბლდონზე უთამაშიათ | უიმბლდონი 2021 იწყება!

2 წლის წინ ქართული სპორტი
7 წთ
28 ივნისს ჩოგბურთის მოყვარულთათვის უდიდესი ზეიმი - უიმბლდონის 2021 წლის ასპარეზი იწყება.  2020 წელს, საჩოგბურთო ცხრილში არსებული 4 დიდი სლემის ტურნირიდან, უიმბლდონი ერთადერთი იყო, რომელიც გაუქმდა - ცხადია, პანდემიის მიზეზით. აღსანიშნავია, რომ აქამდე უიმბლდონის გაუქმების პრეცედენტი პირველი და მეორე მსოფლიო ომის თარიღებს ემთხვევა, შესაბამისად, გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება, ბევრი ფაქტორის გათვლისწინებით, საკმაოდ მძიმე და რთული იყო.  უიმბლდონზე ასპარეზობის უფლების მოპოვება ბევრი ჩოგბურთელის ოცნებაა, ვინაიდან ძირითად ბადეში მოხვედრა ძალიან რთულია. ამისათვის ჩოგბურთელების ძირითად ნაწილს საკვალიფიკაციო ეტაპის საკმაოდ რთული 3 რაუნდის წარმატებით გავლა უწევთ.  გთავაზობთ 5 ქართველ ჩოგბურთელს, რომელთაც უიმბლდონზე უასპარეზიათ.

ალექსანდრე მეტრეველი


2alexmetreveli

ალექსანდრე მეტრეველი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული, გამომდინარე მისი უდიდესი მიღწევებითა და წარმატებებით. მეტრეველი მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-9 ნომერია, რაც ერთმნიშვნელოვნად უდიდესი წარმატებაა: TOP 10-ში მოხვედრა ძალიან ბევრი ჩოგბურთელისათვის აუხდენელ და სანუკვარ ოცნებად რჩება. მეტრეველი უიმბლდონის ტურნირზე 14-ჯერ გამოვიდა - 1963 წლიდან 1976 წლის ასპარეზის ჩათვლით. საგულისხმოა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2-ჯერ შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, 3-ჯერ მეოთხე რაუნდიდან გამოვარდა, ხოლო 1973 წელს უდიდეს წარმატებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა: ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის საფინალო რაუნდში, ჩეხი ოპონენტის, იან კოდეშის წინააღმდეგ დამარცხდა. სამწუხაროა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგი საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდა.

ლეილა მესხი



ლეილა მესხი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო პერსონაა, განსაკუთრებით ქალთა ერთეულთა თანრიგის ჭრილში. ჩოგბურთელი მის პროფესიონალურ კარიერას 1986 წლიდან იწყებს და მალევე ახერხებს, რომ არამხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით დასამახსოვრებელი მოთამაშე გახდა - მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის მე-12 პოზიციაა, რაც ამ სპორტის მცოდნეთათვის ნათლად ასახავს მის დონესა და სიძლიერეს. კარიერის საწყის ნაწილში მესხმა მსოფლიო რეიტინგის TOP 10-ში მყოფი ჩოგბურთელების, პემ შრაივერისა და ბარბარა პოტერის დამარცხებაც შეძლო. WTA-ის ეგიდით გამართული არაერთი წარმატებული ტურნირისა და მოგებული ტიტულის მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელის გამოსვლა უიმბლდონზე წარმატებული არ ყოფილა: მისი მაქსიმალური შედეგი 1988 წელს, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 20 წლის იყო, მე-2 წრემდე გასვლა იყო. საყურადღებოა, რომ ლეილა მესხის მონაგარში, WTA-ის ტიტულებთან ერთად, წყვილთა თანრიგში ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა, მას კარიერის შედარებით ნაადრევ ასაკში დასრულება მოუწია (28).

ირაკლი ლაბაძე



თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ლაბაძე, ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელების კუთხით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინამორბედია. ლაბაძე დიდი სლემის ახალგაზრდულ ტურნირებზე წარმატებით გამოდიოდა, მან 1998 წელს უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალში გასვლაც კი შეძლო, სადაც მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელთან, უიმბლდონის 8 გზის გამარჯვებულ როჯერ ფედერერთან, 2-სეტში, ანგარიშით 4:6; 4:6 დამარცხდა. სწორედ 1998 წლიდან იწყება ირაკლის პროფესიონალური კარიერაც - ის იყო ჩოგბურთელი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს მონატრებული სიამოვნება მიანიჭა და უიმბლდონზე ყველასათვის დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა. 2006 წელს, ლაბაძე, ერთადერთ ბალახისსაფარიან დიდი სლემის ტურნირზე დამაჯერებელ ასპარეზობას იწყებს: ამარცხებს 3 ოპონენტს, მათ შორის საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონ გასტონ გაუდიოს, შემდეგ ყველასათვის ცნობილ მარდი ფიშს და 1/4-ფინალამდე 1 საფეხურით ქართველი ჩოგბურთელის სატურნირო გზა, ლეგენდარული რაფაელ ნადალის გზასთან იკვეთება, რომელთანაც 3-სეტში, თუმცა საკმაოდ დიდი ბრძოლის შედეგად მარცხდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მასტერსის ტიპის (1000 ქულიანი) ტურნირებიდან, ლაბაძის საუკეთესო შედეგი ინდიან უელსის ნახევარფინალში გასვლაა, ეს იყო 2004 წელს, სადაც ბრიტანელ ტიმ ჰენმენთან ორ სეტში წააგო. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ესპანელ კარლოს მოიასა და ყოფილ მეოთხე ჩოგანს, ამერიკელ ჯეიმს ბლეიკს სძლია. ირაკლი ამჟამად 40 წლისაა და ამ ფაქტს იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩოგბურთში მოიძებნებიან მოთამაშეები, რომლებიც მის ასაკშიც თამაშობენ, მაგალითად ივო კარლოვიჩი, ან როჯერ ფედერერი, რომელიც 1 თვეში ხდება 40 წლის, თუმცა ის კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომლის კარიერაც ნაადრევ ასაკში, 2010 წელს დასრულდა. ირაკლის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის 42-ე პოზიცია იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი



ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მოქმედი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც მისი დაუღალავი შრომით და მიზანდასახულობით, მუდმივად ცდილობს განვითარებასა და მისი ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას. ნიკა საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერია. მის შემთხვევაში ხაზგასასმელი დეტალია, რომ ისეთი კონკურენცია, როგორიც ახლაა საჩოგბურთო სამყაროში, ზემოთმოყვანილი არცერთი ჩოგბურთელის დროს არ ყოფილა. აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-16 ჩოგანი იყო. მის აქტივში ATP-ის 5 ტიტულია - სამი 500-ქულიანი ტურნირი და ორი 250-ქულიანი, ორივე 250-ქულიანი ტურნირის მოგება (მიუნხენი და დოჰა) ნიკამ 2021 წელს შეძლო. რაც შეეხება უიმბლდონს, აღნიშნულ ტურნირზე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-3 რაუნდში გასვლაა. 2020 წელს უიმბლდონი პანდემიის მიზეზით გაუქმდა, ხოლო 2021 წლის ასპარეზი 28 ივნისს იღებს სტარტს, სადაც იმედი ვიქონიოთ, რომ ბასილაშვილი იქნება სრულყოფილ ფიზიკურ კონდიციაში და კარგ სანახაობას შემოგვთავაზებს.

ანა ტატიშვილი



ანა ტატიშვილი ქართული წარმოშობის პროფესიონალი ჩოგბურთელია, რომელიც 2014 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოდის. ტატიშვილმა, მსოფლიო რეიტინგში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს დააფიქსირა, როდესაც მსოფლიოში 50-ე პოზიციაზე იყო. ანამ 2011 და 2012 წლებში უიმბლდონზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდა და აღნიშნულ ტურნირზე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-2 რაუნდში გასვლაა.
 

სხვა სტატიები