Belive

ქინქლაძე: "ქეცბაია მარტო კლუბზე არ ფიქრობს, ნაკრებზე ზრუნავს"

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ახლო წარსულის გამორჩეული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების, „მრეტების“, თბილისის „დინამოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსზე უკეთესი გუნდია, რომელსაც ჩვენი ნაკრები 26 მარტს, თბილისის „დინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფდინალში დაუპირისპირდება. ბელარუსებზე უფრო ძლიერი ფეხბურთელებიც გვყავს და ნაკრებიც. პლუს, თბილისში ვთამაშობთ, 50 ათასი მაყურებელი მოვა და პირველივე წუთებიდან ჩვენს გუნდს მხარს დაუჭერს. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მოვიგოთ?” – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.
„ყველა ამბობს, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად არიან განწყობილები. მე პირადად ბელარუსთან შეხვედრას რეალისტურად ვუყურებ. ამბობენ, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთო – უნდა გავუსწროთ! ეს ისეთი თამაშია, რომ უნდა მოვიგოთ. მესმის, ფეხბურთელებზე ზეწოლააა, მაგრამ მოთამაშე ნაკრებში 50-60 შეხვედრას რომ ჩაატარებს, მისთვის ეს ზეწოლა ტვირთი აღარ უნდა იყოს. ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა და ასეთი დონის თამაში არ გვქონია, ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოვხდით და ვერც – მსოფლიოზე. ჩემი გადასახედიდან, ამ ორ თამაშს მნიშვნელობით 1981 წლის 13 მაისის მატჩს შევადარებ.“ – ამბობს ქინქლაძე.
timur-ketsbaia-temur
ქართული ფეხბურთის ლეგენდამ ამ კონტექსტში ფანაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელზე, თემურ ქეცბაიაზე ილაპარაკა: „თემურმა „ანორთოსისში“, რომელიც პირველ ადგილზეა, ხუთი ქართველი ფეხბურთელი წაიყვანა, ანუ საქართველოს ნაკრების წევრთა ლამის ნახევარი მასთანაა. ხუთივეს ისე ამზადებს, რომ 26 მარტს სათანადო ფორმაში იყვნენ. წარმოიდგინეთ, მარტო კლუბზე კი არ ფიქრობს, ნაკრებზე ზრუნავს. ამას აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა მინდა თემურს ვუთხრა. ეს ჩვენთვის შემტევი თამაში იქნება, თემური კი ჩვენი ნაკრების შეტევის ხაზს ამზადებს“.   წყარო: 1tv

სხვა სტატიები