რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთთან
3 წლის წინ
ქართული სპორტი
5 წთ
„გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
ექვსი ცვლილება შერკინებაში
როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან მარქაფაში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ,გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში დაწინაურდა, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა. მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკრო-ტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.„ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის“ – ამბობს მაისაშვილი.
ოთხი ცვლილება ხაზში
წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ფრთებზე როტაციის პრინციპით აკა ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს. 9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია. მარქაფაში გადაინაცვლა გამოცდილმა სანდრო თოდუამ. მაისაშვილის თქმით, ეს ცვლილებები ასევე როტაციის პრინციპითაა გამოწვეული და აუცილებლად ეცდება ბაბუნაშვილს სათამაშო დრო მისცეს:„რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ თავს გამოიჩენს“.