Belive

რომელ პოზიციაზე გადაინაცვლებს ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, გაიმართა. ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრად იყო განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ამერიკელი ოპონენტის შემდეგ, ალბერტ რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და პირადი რეკორდი დაამყარა – გავიდა მასტერსის 1/8-ფინალურ ეტაპზე. 1/8-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, რომელსაც იუბანკსის მსგავსად, დამაჯერებლად, 2-სეტში, ანგარიშით – 6:4; 7:6(6), სძლია. 1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით – 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა. 1/2-ფინალში, ნიკას მეტოქე ადგილობრივი ტეილორ ფრიცი იყო, რომელსაც კორტზე მყოფი გულშემატკივრის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიუხედავად წნეხისა, ბასილაშვილი მას 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5); 6:3, გაუმკლავდა და ფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება ფინალს, სადაც ბასილაშვილს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი, კამერონ ნორი, უწევდა, ქართველი ჩოგბურთელი მეორე სეტის საწყისი გეიმების ჩათვლით, სრულიად დაბალანსებული ჩოგბურთით იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი მეორე სეტში ბრეიკით იყო წინ, ნორიმ სეტში "დაბრუნება" შეძლო და საბოლოოდ საკუთარ აქტივშიც მიითვალა. საჩემპიონო სეტში ბრიტანელმა ჩოგბურთელმა უპირატესობა საწყის გეიმებშივე მოიპოვა, გამოსდიოდა ყველაფერი, იყო ფაქტობრივად უშეცდომო და შედეგიც შესაბამისი დადგა - ნორი 2021 წლის ინდიან უელსის გათამაშების ჩემპიონია. ინდიან უელსზე მიღწეული წარმატების ფონზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგში 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქართველი ჩოგბურთელის პირადი რეკორდი მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე ყოფნაა.

სხვა სტატიები