Belive

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩის მსაჯთა ვინაობა ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრას, რომელშიც საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს, სლოვაკ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 38 წლის ივან კრუჟლიაკი იქნება, რომელიც ფიფას კატეგორიის მსაჯი 2011 წლიდან არის, ხოლო მისი სამსაჯო დებიუტი რანგით უმაღლეს ლიგაში 2009 წელს შედგა.

ბრატისლავაში დაბადებული მსაჯს ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდე ორჯერ ჰქონია: 2012 და 2017 წელს.

პირველად, კრუჟლიაკმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეხვედრას უმსაჯა, რომელშიც იმ დროს ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე, ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიასთან - 0:1 დამარცხდა. საბოლოო ჯამში, ქართველი ახალგაზრდები ჯგუფიდან გავიდნენ და ნახევარფინალამდეც მივიდნენ, სადაც ასპარეზობას ნიდერლანდელ თანატოლებთან დრამატულ მატჩში გამოეთიშნენ. იმ გუნდიდან საქართველოს მთავარ საფეხბურთო გუნდში დღეს რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე და ლაშა დვალი (მიმდინარე შეკრებაზე არ არის გამოძახებული).

იმ შეხვედრაში სლოვაკმა რეფერიმ, ქართველ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა - გაფრთხილებულები ნიკა ჭანტურია და ჭიაბერ ჭეჭელაშვილი იყვნენ. 

რაც შეეხება 2017 წელს, ამ დროს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ირლანდიის ნაკრებს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლა და ის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. იმ გუნდიდან ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრებისთვის ვილი სანიოლს შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული: ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი და დავით ხოჭოლავა. 

საქართველო 1:1 ირლანდია - GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

იმ მატჩში ქართველთა მხრიდან ივან კრუჟლიაკმა ჯაბა ჯიღაური და ნიკა კვეკვესკირი გააფრთხილა.

სლოვაკ არბიტრს უეფასა და ფიფას არაერთ პრესტიჟულ ტურნირზე უმუშავია, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და ისეთი გუნდების მატჩებისთვის უმსაჯია, როგორებიც "ლივერპული" "ტოტენჰემი" დორტმუნდის "ბორუსია", მადრიდის "ატელტიკო", "მანჩესტერ სიტი", ლონდონის "ჩელსი" და სხვა.

რაც შეეხებათ ასისტენტებს, გვერდითი მსაჯები ასევე სლოვაკები, ბრანისლავ ჰანცკო და იან პოზორი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი მათივე თანამემამულე პეტერ კრალოვიჩი იქნება. ვიდეო-გამეორების სისტემაზე იტალიელი მარკო ბრესმესი და პაროლო ვალერი იმუშავებენ.

​საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახვეარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები