Belive

სფფ-მ დაადასტურა - კვარაცხელია და შენგელია კორონავირუსით დაინფიცირდნენ

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, მაკედონიასთან გასამართ, ისტორიულ მატჩს გამოტოვებენ. მიზეზი კი - COVID-19 არის.
"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს.  საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.   საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს". - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაპირველად კულუარული ინფორმაცია გავრცელდა. დამატებით ეჭვს ბადებდა ისიც, რომ სფფ-ს მიერ გამოქვეყნებულ, ნაკრების ვარჯიშის ამსახველ ფოტოებში, კვარაცხელია და შენგელია არ ფიგურირებდნენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ისტორიულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ მოასპარეზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ტრავმა აწუხებს. მატჩი 12 ნოემბერს, 21:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები