Belive

ტეილორ ფრიცი Vs. ნიკოლოზ ბასილაშვილი (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა – ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა, 2 გამართული მატჩიდან ჩოგბურთელებს ერთმანეთის პირისპირ თითო-თითო გამარჯვება ერიცხებათ. რაც შეეხება ტეილორ ფრიცს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 33-ე პოზიციაზე იმყოფება, მან დოჰას ტურნირზე საკმაოდ ძლიერი ოპონენტები გამოასალმა ასპარეზობას, ესენი არიან: სონეგო, გოფინი და შაპოვალოვი. დოჰას ტურნირზე როგორც ბასილაშვილი, ასევე ფრიცი, საკმაოდ კარგად აწვდიან. საწყის ორ შეხვედრაში ფრიცს 7 ეისი ჰქონდა, თუმცა 1/4-ფინალში შაპოვალოვის წინააღმდეგ, ამერიკელმა 11 ეისი მოაწოდა და ტურნირზე ჯამში 18 ეისს მოუყარა თავი. რაც შეეხება ნიკოლოზს, საწყის ორ შეხვედრაში 12 ეისი მოაწოდა, რომელსაც ფედერერის წინააღმდეგ შესრულებული 12 ეისი დაუმატა და ჯამური მაჩვენებელი 24-მდე გაზარდა. გათვალისწინებით იმისა, რომ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რაც ისტორიული შედეგია და ასევე დოჰას ტურნირზე მოგებული 3 შეხვედრით, რომელიც მთელი 2020 წლის განმავლობაში მის მიერ მოგებულ (2) თამაშებზე მეტია, ქართველ გულშემატკივარს ბუნებრივი იმედი ესახება იმისა, რომ ნიკოლოზი მოახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, თუმცა ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ - მათ შეხვედრის ერთმნიშვნელოვან ფავორიტად ტეილორ ფრიცი მიიჩნიეს.

აქამდე ტეილორ ფრიცსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ერთი ურთიერთშეხვედრაა გამართული, სადაც 23 წლის ამერიკელმა ქართველი ოპონენტი 3-სეტში, ანგარიშით - 6:3; 3:6; 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 2017 წელს ჩინეთში, ჰარდის საფარზე შედგა. ტეილორ ფრიცის მაქსიმალური სარეიტინგო პოზიცია 24-ე საფეხური გახლდათ, რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის პიკს, ის 2019 წელს, მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი გახლდათ. თუ ბასილაშვილი ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, მას 1505 ქულა დაუგროვდება და რეიტინგში 37-ე პოზიციაზე გადაიწევს, აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაშიც ქართველი ჩოგბურთელის მაქსიმალური შესაძლო აღმასვლა 37-ე პოზიციაა, ვინაიდან 36-ე პოზიციაზე მყოფ ადრიან მანარინოს 1628 სარეიტინგო ქულა აქვს, ბასილაშვილს კი დოჰაში ტრიუმფის შემთხვევაში 1605 ქულა ექნება. ბასილაშვილისა და ფრიცის შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები