Belive

ტოჩინოშინი ლიდერებს ერთი მოგებით ჩამორჩება, გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
12 მაისს ტოკიოში მაისის ბაშომ აიღო სტარტი, სადაც მონაწილეობას ორი ქართველი გოლიათი, ტოჩინოშინი და გაგამარუ იღებენ. ტოჩინოშინმა განვლილ ბაშოზე მეორეჯერ დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო დაკარგა ოძეკის წოდება და მაისის ბაშოზე სეკივაკეს სტატუსით ასპარეზობს, სადაც მას სუმოს მამებმა ტრადიციულად ოძეკის პრივილეგია მიანიჭეს და აქვს ერთადერთი შანსი, რომ დააფიქსიროს 10 მოგება, რის შემთხვევაშიც დაიბრუნებს ოძეკის, ანუ ჩემპიონის წოდებას - ამ ყველაფერს კი ქართველი ფალავანი ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად ასრულებს, მას ერთადერთი მოგება აშორებს 10 მოგებამდე. დღეს, 23 მაისს, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა მეისეი გახლდათ, რომელსაც ერთადერთი მოგება ესაჭიროებოდა დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად. ლევანმა მეტოქე ბრძოლის დასაწყისიდანვე ვერ მოიხელთა სასურველ კონდიციაში, იყო ნერვიულობის უდიდესი ფაქტორიც, საბოლოოდ კი ყველაფერი ქართველისათვის ცუდად დასრულდა - ტოჩიმ წამის მეასედებით უფრო ადრე დადგა ფეხი ტავარას მიღმა, ვიდრე მისი მეტოქე დაეცემოდა. მე-12 დღეს ნაცუ ბაშოზე დამარცხდა სოლო ლიდერი - ასანოიამა, რომლის ბალანსიც 10 მოგება და 1 მარცხი იყო, მისი მეტოქე იანვრის ბაშოს ტრიუმფატორი ტამავაში იყო, რომელმაც დამაჯერებლად მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დღევანდელი დღე ასევე გამარჯვებით დაასრულა იოკოძუნა კაკურიუმ, მონღოლმა "დიდმა ჩემპიონმა" მეტოქე რიუდენი უშანსოდ დაამარცხა. ამრიგად, ნაცუ ბაშოს მე-13 დღის დაწყებამდე მაკუუჩი დივიზონს ორი ლიდერი ჰყავს, ესენი არიან - იოკოძუნა კაკურიუ 10 მოგებითა და 2 მარცხით და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ასანოიამა ასევე 10 მოგებითა და 2 მარცხით, მათ კვალდაკვალ მხოლოდ ტოჩინოშინი მიჰყვებათ 9 მოგებითა და 3 მარცხით. რაც შეეხება მეორე ქართველ მებრძოლს, თეიმურაზ ჯუღელს, ანუ გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა უკანასკნელი 2 დღის მანძილზე ისევე, როგორც ტოჩინოშინმა, ასევე გაგამარუმ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. გაგამარუს ბალანსი ამ ეტაპისათვის 7 მოგება და 5 მარცხია და მხოლოდ ერთადერთი მოგება აკლია დადებითი ბალანსის განაღდებამდე. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ასანოიამა იქნება, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ საუკეთესო მაჩვენებლით (10-2) სათავეში უდგას მაკუუჩი დივიზიონს. გაგამარუ კი ჯურიოს დასავლეთის მე-12 ნომერ ტობიძარუს დაუპირისპირდება, რომელსაც 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. Live.ge ტრადიციულად ყოველდღიურად გთავაზობთ ჯურიოსა და მაკუუჩი დივიზიონების პირდაპირ რეპორტაჟს, 11:00 საათიდან კი თქვენ გაქვთ საშუალება უყუროთ სუმოს ქართული კომენტირებით Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.    

სხვა სტატიები