Belive

#ტოპ11 – ნიკოლოზ ბასილაშვილის 2019 წელი

4 წლის წინ ქართული სპორტი
7 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი 

დაბადების თარიღი: 23 თებერვალი 1992 წელი (27 წლის)

რეიტინგი: მსოფლიოს 26-ე ნომერი

სიმაღლე: 185 სმ. 

წონა: 79 კგ.

  ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, 27 წლის ქართველმა პროფესიონალურ ჩოგბურთში 2008 წელს შეაბიჯა და დღემდე ასპარეზობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერის საუკეთესო წელი 2018 გახლდათ, თუმცა ურიგო არც 2019 წლის სეზონი გამოდგა. ნიკამ 2018 წელს ჰამბურგისა და პეკინის 500-ქულიანი ტიტულების მოპოვება მოახერხა, რომელთა დაცვაც ცხადია 2019 წელს მოუწია - გერმანიაში აღნიშნულმა პროცესმა წარმატებით ჩაიარა, ჩინეთში კი სამწუხაროდ ვერა. როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ჩატარებულ 2019 წლის საჩოგბურთო სეზონზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია გვერდი აუარო წლის პირველივე ტურზე, იმჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ გამართულ მატჩს, შეხვედრის პირველი სეტი, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ აქტივში მიითვალა, თამამად შეიძლება, ჰამბურგის ტურნირზე ალექსანდრ ზვერევთან გამართულ უდრამატულეს მესამე სეტთან ერთად, წლის საუკეთესო სეტებად ვაღიაროთ.
  2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობდა, ქართველმა სეზონის დიდი ნაწილი TOP 20 ჩოგბურთელს შორის გაატარა რის გამოც ის აღნიშნულ ტურნირებზე განთესილი გახლდათ, რაც რიგ შემთხვევებში ჩოგბურთელს საწყის ეტაპებზე მცირე უპირატესობას ანიჭებს. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, ქართველი 2 რაუნდის წარმატებით დაძლევის შემდეგ, სტეფანოს ციციპასთან დაძაბულ, 4-სეტიან შეხვედრაში დამარცხდა. მეორე დიდი სლემის ტურნირი წლის განმავლობაში საფრანგეთში იმართება - როლან გაროსი, რომელიც ერთადერთი თიხის საფარიანი დიდი სლემის ტურნირია. სამწუხაროდ, წელს ფრანგული ასპარეზი ნიკასთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ის როლან გაროსიდან ხუან იგნასიო ლონდეროს წინააღმდეგ, პირველივე ეტაპზე, ფაქტობრივად უშანსოდ გამოვარდა. მესამე დიდი სლემის ტურნირი დიდ ბრიტანეთში იმართება - უიმბლდონი, რომელსაც ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიიჩნევს. ბასილაშვილმა ასპარეზობა, ისევე როგორც ყველა დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც 2019 წელს გაიმართა, აქაც ძირითადი ბადიდან დაიწყო. ქართველ ჩოგბურთელს როგორც პირველ, ასევე მეორე ეტაპზე ადგილობრივი ჩოგბურთელები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები დაუპისირპირდნენ, უარდი და ევანსი, სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა გარდამტეხი ნიკოლოზისათვის, შესაბამისად ქართველი ასპარეზს მეორე რაუნდიდან გამეთიშა. რაც შეეხება 2019 წლის უკანასკნელ დიდი სლემის ტურნირს - ამერიკის ღია პირველობას, ბასილაშვილი ტურნირს მე-3 რაუნდის შემდეგ გამოემშვიდობა. ფუქსოვიჩისა და ბრუსკბის ბარიერის წარმატებით დაძლევის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი მოულოდნელად გერმანელი დომინიკ კოფერის წინააღმდეგ დამარცხდა.
დიდი სლემის ტურნირებზე 2019 წელს ნიკას მოგება-წაგებათა მაჩვენებელი ასეთია - 5 მოგება და 4 მარცხი. დიდი სლემის ტურნირებზე ნიკამ ჯამში 417 683 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება მასტერსებს, ანუ 1000-ქულიან ტურნირებს, ნიკოლოზისათვის ამ ტიპის ასპარეზი 2019 წელს წარუმატებელი გამოდგა, მაქსიმალური შედეგი 2 თამაშის მოგება გახლდათ - შანხაიში, მონრეალში, რომსა და მაიამში. მასტერსის ტიპის ტურნირებზე ნიკას მოგება-წაგებათა მაჩვენებელი 8 მოგება და 9 მარცხი გახლავთ, გამომდინარე იქედან, რომ მან 4 მასტერსის მე-3 რაუნდში გასვლა მოახერხა, მასტერსის ტურნირებიდან, საერთო ჯამში წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას 444 128 ამერიკულ დოლარს მოუყარა თავი.
500-ქულიანი ტურნირებს შორის ბასილაშვილმა ჰამბურგის ასპარეზზე მიჯრით მეორედ გაიბრწყინა, რაც აღნიშნულ ტურნირზე უკანასკნელი 13-წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია, მანამდე ეს ყველაფერი როჯერ ფედერერმა, 2004-2005 წლებში შეძლო.
  ჩვენებურმა ჩინეთში, კერძოდ პეკინში 2018 წელს მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, ის ტურნირის მეორე რაუნდში სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ დამარცხდა, რამაც სეზონის ბოლო ნაწილში ქართველი რეიტინგში საკმაოდ დააქვეითა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წელს ATP-ის ეგიდით 52 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 28 მოიგო, 24 კი მარცხით დაასრულა. ქართველმა ჩოგბურთელმა წლის განმავლობაში 1 571 102 ამერიკული დოლარის გამომუშავება მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელის პროგრესიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მისით არაერთი სპორტული გამოცემა დაინტერესდა, 2019 წელს საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო სტატია, რომელიც ATP-იმ ნიკას მიუძღვნა, სადაც ბასილაშვილის ზოგადად ჩოგბურთისა და საკუთარი თავის შესახებ გაკეთებულ კომენტარსაც ვხვდებით: “ჩოგბურთი მხოლოდ ჩოგნის ქნევა ან ვარჯიში არ არის, ჩოგბურთი მენტალური ბრძოლაა. ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გადამწყვეტ მომენტებში ემოციების მართვაა და ამის სწავლას ყოველდღიურად ვცდილობ. “22-23 წლის ასაკამდე ნამდვილი ველური ვიყავი და ჩოგბურთს პროფესიონალურად არ ვუდგებოდი. ვიცოდი, რომ კარგად თამაში მსურდა, თუმცა მაღალ დონეზე თამაშს ვერ ვახერხებდი. რეალურად, არ მქონდა თამაშის გეგმა, რომელიც წარმატებამდე მიმიყვანდა და ვიცოდი, რომ რაღაც მაკლდა. დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიო რეიტინგში 50-100 პოზიციას ვიკავებდი, ეს 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამიტომაც, მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც 100%-ით ვენდობოდი - ასეთი კი იან დე ვიტია", - განაცხადა ქართველმა ჩოგბურთელმა. რასაკვირველია ჩოგბურთელის პირველი შემფასებელიც და კრიტიკოსიც უპირველესყოვლისა მისი მწვრთნელია:
“ბასილაშვილის უდიდესმა მონდომებამ დამარწმუნა, რომ ამ ბიჭს ჩოგბურთის თამაში სრული სერიოზულობით სურდა – ეს მიდგომა კი მას უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანდა - ასეც მოხდა”, – ამბობს დე ვიტი. იან დე ვიტსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს წინ კიდევ არაერთი დიდი გამოწვევა ელოდებათ, 2020 წლის იანვარში ახალი საჩოგბურთო სეზონი აიღებს სტარტს, სადაც ერთ-ერთი პირველი ტურნირი დიდი სლემის ტურნირების ოთხეულიდანაა - ავსტრალიის ღია პირველობა. 2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ის მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა. 27 წლის ქართველმა 2019 წელს ოთხივე დიდი სლემისა და ყველა (9) მასტერსის ტიპის ტურნირის თამაში მოახერხა, იმედი ვიქონიოთ, რომ ანალოგიური რამ მოხდება 2020 წელსაც, ამჯერად უკვე გაუმჯობესებული შედეგებით. 2019 წლის რეზიუმე: 
  • ტიტული: 1 
  • რეიტინგი: 26 
  • გამომუშავებული თანხა: $ 1 571 102
  • სარეიტინგო ქულა: 1450
     

სხვა სტატიები