Belive

წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. სერბი დეიან სტანოიევიჩი საქართველოში სულ მალე ჩამოვა. და კლუბის გარდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსაც ჩაიბარებს. "დინამოს" რევაზ ჩომახიძის წასვლის შემდეგ, დროებით ზუკა რურუა თავკაცობდა, რომლის ხელმძღვანელობითავ თბილისურმა კლუბმა ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და ერთ შეხვედრაში ისტორიული გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. სერბი სპეციალისტი წყალბურთს სერბულ "ვოივოდინაში" თამაშობდა, წლების მანძილზე იყო სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. მისი ხელმძღვანელობით სერბეთის 20 წლამდელთა ნაკრებმა 2011 წელს, საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2014-2018 წლებში სტანოიევიჩი რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ბოლო ორი წლის მანძილზე კი ყაზახეთის ნაკრებს წვრთნიდა.  2019 წელს მსოფლიო ლიგაზე მან გუნდი მეშვიდე ადგილზე გაიყვანა. იმავე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებში მუშაობას სტანოიევიჩი ორშაბათიდან დაიწყებს, გუნდს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, მატჩები კი თებერვალში გაიმართება. "დინამოს" კი უკვე მარტში მოუწევს გადამწყვეტი შეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე. სტანოიევიჩს "დინამოს" ორ წყალბურთელთან - დუშან ვასიჩთან და ბორის ვაპენსკისთან "ვოივოდინაში" უმუშავია. სერბ მწვრთნელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის საქართველოში 2024 წლამდე დარჩება.

სხვა სტატიები