Belive

ყველაფერი, რაც უიმბლდონის პირველი წრის მთავარი მატჩების შესახებ უნდა ვიცოდეთ

4 წლის წინ ქართული სპორტი
6 წთ
მიმდინარე კვირაში საჩოგბურთო სამყაროში "საზეიმო", დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი დაიწყო. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენსაციები საკმაოდ მრავლად დაფიქსირდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ფილიპ კოლშრაიბერი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველ ეტაპზე გამოცდილ გერმანელ ჩოგბურთელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდა. სერბი ჩოგბურთელი ბალახის საფარისთვის საკმაოდ კარგადაა მომზადებული ვინაიდან მოგეხსენებათ დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულს 2000 სარეიტინგო ქულა ერგება, ნოვაკს კი გასულ წელს მოპოვებული ჩემპიონობიდან გამომდინარე აღნიშნული ოდენობის ქულები დასაცავი აქვს. ნოლემ საკუთარი შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთში, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე 3 სეტში დაასრულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 7:5, 6:3 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.  

ჟირი ვესელი Vs. ალექსანდრ ზვერევი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  "როდესაც მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-3 ნომერი ხარ, ამჟამად კი მე-5 პოზიციაზე იმყოფები, იმაზე ბევრად მეტი მოგეთხოვება ვიდრე თავად წარმოგიდგენია, უიმბლდონის პირველი რაუნდიდან 121-ე ჩოგნის წინააღმდეგ გამოვარდნაზე საუბარი კი სრული აბსურდია", - ასე შეაფასა ალექსანდრ ზვერევი ჩოგბურთის ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელმაც მისდამი კრიტიკის ქარცეცხლი არ დაიშურა. ჟირი ვესელიმ გერმანელი ახალგაზრდა ვარსკვლავი 4 სეტიან ბრძოლაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, ალექსანდრ ზვერევის "ჯადო" კი ისევ გრძელდება - საშა დიდი სლემის ტურნირებზე ისევ უძლურია. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 4:6, 6:3, 6:2, 7:5 - ვესელის სასარგებლოდ.  

ტომას ფაბიანო Vs. სტეფანოს ციციპასი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  სტეფანოს ციციპასი მსოფლიოს მე-6 ნომრის სტატუსით უიმბლდონზე პირველად ასპარეზობდა, რასაკვირველია მისგან საკმაოდ კარგ შედეგს ელოდა ყველა, მაგრამ ტომას ფაბიანო მისთვის უძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. 5-სეტიან დრამატულ დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპის საგუზრი ტომას ფაბიანომ მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია:  6:4, 3:6, 6:4, 6:7(8), 6:3 - ფაბიანოს სასარგებლოდ.  

კევინ ანდერსონი Vs. პიერ ჰერბერტი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: სამწუხაროდ შეხვედრის ვიდეომიმოხილვა არ მოიპოვება.
  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გასულ წელს უიმბლდონის საფინალო შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კევინ ანდერსონს შორის გაიმართა, შესაბამისად სამხრეთ აფრიკელ ჩოგბურთელს 1200 ქულა აქვს დასაცავი, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ანდერსონმა საკუთარი პირველი ეტაპის შეხვედრა საკმაოდ მარტივად, საათსა და 49 წუთში, 3 სეტში დაასრულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 6:4, 6:2 - ანდერსონის სასარგებლოდ.  

როჯერ ფედერერი Vs. ჯორჯ ჰარისი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, ლეგენდარული როჯერ ფედერერი ჯორჯ ჰარისის წინააღმდეგ წარსდგა. პირველ სეტში ყველასათვის გასაკვირად შვეიცარიელი ჩოგბურთელი დამარცხდა, თუმცა მომდევნო 3 სეტში მან მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 1:6, 2:6, 2:6 - ფედერერის სასარგებლოდ.  

რაფაელ ნადალი Vs. იოში სუგიტა

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  რაფაელ ნადალი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა ბალახის საფარზე საოცარი თამაშით, პირველი რაუნდის შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 274-ე ნომრის იოში სუგიტას წინააღმდეგ გამოვიდა. ესპანელი მატადორი საკუთარ მეტოქეს დაუნდობლად გაუსწორდა. შეხვედრა 2 საათსა და 4 წუთში დასრულდა, მომდევნო ეტაპზე რაფაელი ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება, რომელთანაც უიმბლდონზე ერთხელ უკვე აქვს მარცხი განცდილი. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 6:1, 6:3 - ნადალის სასარგებლოდ.  

სემ კიურეი Vs. დომენიკ ტიმი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: სამწუხაროდ შეხვედრის ვიდეომიმოხილვა არ მოიპოვება, გთავაზობთ მატჩ-პოინტს.
  დიდი ტრიოს შემდეგ მსოფლიო რეიტინგის "პირველ" საფეხურზე დომენიკ ტიმია, რომელსაც პირველ რაუნდში საკმაოდ რთული მეტოქე - სემ კიურეი ერგო, რომელიც ბალახის საფარზე შესანიშნავად ასპარეზობს. პირველი ორი სეტის შემდეგ ავსტრიულ-ამერიკული დუელის შედეგი თანასწორი გახლდათ, თუმცა მესამე სეტიდან სემ კიურიემ თამაშს უფრო მოუმატა ვიდრე მანამდე, დომენიკ ტიმს კი აღარაფერი გამოსდიოდა, ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა, საფინალო სეტი მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა მშრალად წააგო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:7(4), 7:6(1), 6:3, 6:0 - კიურეის სასარგებლოდ.   

ნიკოლოზ ბასილაშვილი Vs. ჯეიმს უორდი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: სამწუხაროდ შეხვედრის ვიდეომიმოხილვა არ მოიპოვება.
  საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბრიტანელი რეიტინგის 205-ე საფეხურზე მყოფი ჯეიმს უორდი გახლდათ, რომელთანაც ნიკამ დრამატული 5-სეტიანი დაპირისპირება გამართა. საწყისი ორი სეტის წაგების შემდეგ ნიკამ საკუთარ თავში გამონახა ძალა, რომელმაც მას მიჯრით 3-სეტის მოგება შეაძლებინა, რითაც მან მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 - ბასილაშვილის სასარგებლოდ.  

სხვა სტატიები