Belive

ვარლამ ლიპარტელიანი: "ტატამზე ვარჯიში ძალიან მომენატრა..."

3 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
2020 წელი მთელს მსოფლიოში ჯერჯერობით მძიმედ მიმდინარეობს. ეს მძიმე პერიოდი სპორტსაც შეეხო და კორონავირუსმა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი და ტოკიოს ოლიმპიადაც შეიწირა. ორივე მათგანი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება. ვინაიდან და რადგანაც გულშემატკივარის დიდი ინტერესია იმ ფაქტზე, თუ როგორ ატარებენ დროს კარანტინში ქართველი სპორტსმენები, ამის გამო Live.ge-მ ინტერვიუს ჩაწერა ძიუდოს ნაკრების კაპიტანთან - ვარლამ ლიპარტელიანთან გადაწყვიტა. კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველანაირი სპორტული აქტივობა შეწყდა, როგორ იმოქმედა ამან თქვენს გეგმებზე? რა თქმა უნდა ჩვენი გეგმებიც შეიცვალა, ისე როგორც ყველასი და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ახალ კალენდარზე ავეწყობით, რომელიც სავარაუდოდ მალე იქნება წარმოდგენილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ ემზადებით ინდივიდუალურად და როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას? რაც შეეხება ინდივიდუალურ მომზადებას, სამწუხაროდ ტრავმის გამო ხელზე ოპერაციის გაკეთება მომიწია და ამის გამო ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. ახლა დავიწყე რეაბილიტაციის გავლა და ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვერ ვახერხებ, ანუ ფიზიკურად ვერ ვიტვირთები. ოლიმპიადა მომავალი წლისთვის გადაიდო, თუმცა ეს ალბათ თქვენს მიზნებს ხელს არ შეუშლის რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიადის გადადება არასასურველი იყო, თუმცა ყველა სპორტსმენი უნდა გადავეწყოთ ახალ თარიღზე და ახალი შემართებით მოვემზადოთ იმ თარიღისთვის (2021 წლისთვის), რომელიც უკვე ცნობილია. ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, თუმცა ჩემი აზრით, პროფესიონალმა სპორტსმენმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კარგ ფორმაში შეხვდეს ოლიმპიურ თამაშებს. ნაკრების სხვა ძიუდოისტებთან თუ გაქვთ კონტაქტი და როგორია მათი განწყობა? თითქმის ყველა ნაკრების წევრთან მაქვს კონტაქტი და ყველა მათგანი სახლის პირობებში ვარჯიშობენ ისე, რისი შესაძლებლობაც აქვთ. მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანი ინარჩუნებს ოპტიმალურ ფორმას და ყველა კარგ ფორმაშია. ცოტა სხვა თემებზეც გკითხავთ, დადებითი კუთხით რომ შევხედოთ ალბათ თქვენს შვილებს ძალიან უხარიათ, რომ მამა მათთან მეტ დროს ატარებს. ჯერ პატარები არიან, მაგრამ ალბათ სურთ რომ მამის გზას გაყვნენ. კი რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი და დადებითი მხარეა ამ ვირუსის. რაც აქამდე არ მქონდა ბავშვებთან დრო გატარებული, ახლა ერთიანად ვინაზღაურებ. ცოტას მაბრაზებენ, ცოტას მეც ვაბრაზებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვრიგდებით და რავიცი, ძალიან სასიამოვნოა ეს მომენტი. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათთან ამდენი ხნის განმავლობაში ვარ, რადგან ძიუდოს გამო ისინი ამ ყველაფერს შეჩვეულები არ არიან. ვცდილობ, რომ გავართო და მოვეფერო უფრო მეტად. ძიუდოს გარდა რომელ სპორტს გულშემატკივრობთ და ვინაა თქვენი საყვარელი სპორტსმენი? ძალიან ბევრი სპორტის სახეობა მომწონს და ვუყურებ, გამიჭირდება საყვარელი სპორტსმენის გამოყოფაც. გამორჩეულად მიყვარს ფეხბურთი და თხილამურებით სრიალი. ბავშვობაში ალბათ გყავდათ მისაბაძი მაგალითი ქართულ ან უცხოურ ძიუდოში, ვის გამოც ეს სპორტი შეგიყვარდათ, ვინ იყო ის? უამრავი ქართველი სპორტსმენი იყო, ვის მაგალითზეც გავიზარდე და ვიზრდებოდი მთელი ბავშვობის განმავლობაში. მათი ღვაწლი ძალიან დიდია ჩვენს დღევანდელ წარმატებაში. ქართველის გამოყოფა გამიჭირდება, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ასეთი სპორტსმენი მყავს, თუმცა უცხოელებიდან ჩემი ფავორიტი ძიუდოისტია, იაპონელი - კოსეი ინუე (იაპონიის ძიუდოს ნაკრების ახლანდელი თავკაცი). და კითხვა რომელიც ალბათ ყველაზე აქტუალურია, რას გააკეთებთ პირველად როცა ეს სიტუაცია დასრულდება? ალბათ, პირველ რიგში ვნახავ მეგობრებს, მონატრებულ ადამიანებს და შემდეგ ვარჯიშს განვაახლებ. ტატამზე ვარჯიში ძალიან მომენატრა, კიმონოს ჩავიცვამ და შევალ ტატამზე.    

სხვა სტატიები