Belive

ვინ წარადგენს საქართველოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე?

2 წლის წინ ქართული სპორტი
6 წთ
4 თებერვალს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყება და იგი თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ოლიმპიური თამაშები 20 თებერვალს დასრულდება. 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიოს 91 ქვეყანას თითქმის 3 000 სპორტსმენი წარმოადგენს და 109 ოქროს მედალს გაითამაშებს. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 9 სპორტსმენი წარმოადგენს, რომლებიც სამ სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოვლენ. საქართველოს წარმომადგენლები ციგაობაში, ფიგურულ სრიალსა და სამთო თხილამურობაში ეყოლება.

ციგაობა


საბა ქუმარიტაშვილი 21 წლის მოციგავეა, რომელიც 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი გახლავთ. მისი დებიუტი პროფესიონალურ სპორტში 2021 წელს, ლატვიის ქალაქ სიგულდაში გამართულ ერთა თასზე შედგა, სადაც 21-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო თასის რეიტინგში აბა ქუმარიტაშვილი 47-ე ადგილს იკავებს, რაც წინა სეზონის შედეგზე 5 საფეხურით მაღალი პოზიციაა. "ჩვენს ოჯახში ყველა თაობას ჰყავდა მინიმუმ ერთი სპორტსმენი და ახლა მე და მამაჩემი ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და მივყვებით ნოდარის კვალს. მასზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ასევე მაძლევს ძალას", - ამბობს საბა ქუმარიტაშვილი.
No description available.

ფიგურული სრიალი


კარინა საფინა საქართველოს სახელით გამომსვლელ სპორტსმენებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 17 წლის გახლავთ. ეროვნებით რუსი სპორტსმენი ჩელიაბინსკშია დაბადებული. 2021 წელს, გერმანიის ალპებში გამართულ ნებელჰორნის თასზე მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა, სადაც მესამე პოზიცია დაიკავა. 2021 წლის დეკემბერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან ფეხის ტრავმა მიიღო, თუმცა დაბრუნება და ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება მაინც შეძლო. კარინა საფინას მიღწევების სიაში განსაკუთრებულ ადგილებს ევროპის სადებიუტო ჩემპიონატზე დაკავებული მეოთხე ადგილი, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება და პირველ საქართველოს წარმომადგენელ მოციგურავედ გახდომა, რომელმაც ახალგაზრდულ გრან - პრიზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო, იკავებს. წარმატებების უდიდეს ნაწილს კარინა საფინამ ლუკა ბერულავასთან ერთად მიაღწია, რომელიც 19 წლის, წარმოშობით ქართველი, თუმცა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაბადებული, სპორტსმენი გახლავთ. მისი დებიუტიც პროფესიონალურ სპორტში სწორედ კარინა საფინასთან ერთ ნებელჰორნის თასზე დაკავებული მესამე პოზიციის დროს შედგა.
გიორგი რევია 22 წლის ქართველი მოციგურავეა, რომელიც საქართველოს ნაკრებს როგორც გუნდურად, ისე წყვილში, მარია კაზაკოვასთან ერთად წარმოადგენს. ეს უკანასკნელიც მოსკოვშია დაბადებული. 20 წლის სპორტსმენი პროფესიონალურ სპორტში 2019 წლის შემდეგ გამოდის, როცა აზიის ფიგურული სრიალის ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და ყინულზე ცეკვაში მესამე ადგილი დაიკავა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე წყვილმა მე-14 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელი (2021) მას ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა. იგი 2020 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი გახდა და პირველი საქართველოს სახელით გამომსვლელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ამ დონეზე მედალი მოიპოვა. 2019 წელს მან აქ მეექვსე ადგილი დაიკავა.
No description available.
სპორტის ამ სახეობაში საქართველოს კიდევ 2 წარმომადგენელი მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა ჰყავს. ორივე მათგანი ამ ფორუმზე მონაწილეობას ინდივიდუალურად იღებს. მორის ყვითელაშვილი ეროვნებით ქართველი, თუმცა მოსკოვში დაბადებული 26 წლის სპორტსმენია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სახელით გამოდიოდა. ყვითელაშვილი ერთ-ერთი ის სპორტსმენია, რომლისგანაც საქართველოს დელეგაცია პოტენციურ მედალს უნდა ელოდეს. მას ზურგს საკმაოდ კარგი შედეგები უმაგრებს, საიდანაც განსაკუთრებით გამოსარჩევი 2020 წელს, ავსრტიაში, გრაცში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილია. ასევე, მოსკოვის გრან-პრიზე ორჯერ მოპოვებული ვერცხლის მედალი და 2018 წელს, კორეაში, პიონჩანგში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის გამოცდილებაა (24 ადგილი).
Morisi Kvitelashvili takes first GP win at 2021 Rostelecom Cup
რაც შეეხება ანასტასია გუბანოვას, 19 წლის სპორტსმენიც რუსეთშია დაბადებული. მისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები გახლავთ. აქამდე კი უფროსებს შორის განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, აქ მან თავი 2016 წელს გამოიჩინა, როცა ჩეხეთში გამართულ გრან-პრიზე თანაც საერთაშორისო დებიუტის დროს, ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა ეს რუსეთის ფედერაციის სახელით მოხდა.
18-year-old Russian skater to compete on behalf of Georgia - Report.ge

სამთო თხილამურობა


სამთო თხილამურობაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე. პირველი მათგანი საკმაოდ გამოცდილი გახლავთ. 28 წლის თბილისში დაბადებულ სპორტსმენს მონაწილეობა 2010 წლის შემდეგ ყველა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მიღებული:
  • 2010, ვანკუვერი, სლალომი - 50
  • 2014, სოჭი, გიგანტური სლალომი - 49
  • 2018, პიონჩანგი, ქალთა გიგანტური სლალომი - 46
  • 2018, პიონჩანგი, ქალთა სლალომი - 39
2011 წლიდან მოყოლებული ნინო წიკლაურს არაერთ ტურნირში მიუღია მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2021 წელს, იტალიაში, კორტინა დამპეცოში როგორც სლალომში, ისე გიგანტურ სლალომში დაკავებული 33-ე პოზიცია წარმოადგენს. რაც შეეხება სოსო ჯაფარიძეს, იგი 25 წლის სპორტსმენია, რომელიც გუდარუის კლუბს წარმოადგენს და მისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიური თამაშები იქნება. მისი დებიუტი პროფესიონალურ სპორტში 2011 წელს, ავსტრიაში, კაუნერტალში შედგა, სადაც სლალომის ტურნირში 57-ე ადგილი დაიკავა. მან 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 62-ე ადგილი დაიკავა. 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში კრონპლაცში, იტალიაში მან საუკეთესო ოცეულში ადგილი მოიპოვა.
No description available.

სხვა სტატიები