Belive

1 დეკემბერს რაგბის კავშირი 60 წლის ხდება!

2 წლის წინ რაგბი
4 წთ
საქართველოს რაგბის კავშირი 1 დეკემბერს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1961 წლის 30 ნოემბერს საღამოს, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სპორტ-კავშირში გაიმართა ყრილობა, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველად, საქართველოში "რეგბის საქალაქო სექცია" დაარსდა და ის მეორე დღეს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარემ დაამტკიცა. "რეგბის სექციის" პირველ თავმჯდომარედ გივი მრელაშვილი აირჩიეს, რომელიც საკუთარ წიგნში – „ერთხელ თუ ითამაშე“ ამ მოვლენებს ასე იხსენებს: "იმ დღეს, როცა გადავწყვიტე, რომ უკვე დამდგარიყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის დრო და დავაპირე ჟაკთან წასვლა, იგი დაბარებულივით თვითონ გამომეცხადა. როცა ვუთხარი, რომ მოვიდა დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების დღე და ქალაქის სპორტ-კავშირში უნდა წავიდეთ-მეთქი, მან საყვედურ-ნარევი სიხარულით მომიგო: გვეღირსაო! სპორტ-კავშირში, კონსტიტუციის ქუჩაზე, უკვე რამდენჯერმე ვიყავით ნამყოფი და მისი თავმჯდომარის მოადგილესთან – მიშა ბერიევთან პრინციპში შეთანხმებული გვქონდა ყრილობის ჩატარება. გვრჩებოდა დღის დათქმა. ბერიევი ჩვენს თარიღზე – 1961 წლის 30 ნოემბერზე დაგვთანხმდა, მაგრამ შეიცხადა დაგეგმილ ღონისძიებათა სიმრავლე – ამდენს ფინანსურად ვერ გავწვდებითო. ყრილობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დაევალა გიორგი შარაშიძეს – მეტსახელად "კროშკას". იგი ქალაქის ინსტრუქტორი იყო და თურმე რაგბიც ეთამაშა ჯეელობაში, 14 წლის წინ [1947], თბილისში ჩატარებულ „ქალაქთა მატჩში" – ჩვენს სახელდახელოდ შეკრებილ გუნდში, რომლის შემადგენლობაში არ იყო არცერთი [!] ნაღდი მორაგბე. დავუბრუნდეთ 1961 წელს. ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, თბილისის სპორტის საქალაქო კომიტეტში შედგა თბილისის "რეგბის სექციის" დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც ამ ისტორიულ დღეს აირჩია ფედერაციის ორგ-ბიურო. მასში შევიდნენ "გეპეის", სასოფლოსა და 31-ე ქარხნის "რეგბის ენთუზიასტები". თავმჯდომარედ არჩეული იქნა გივი მრელაშვილი, მოადგილედ – ჟაკ ასპეკიანი, პასუხისმგებელ მდივნად – დენის გირკელიძე, მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარედ – ოთარ დოღონაძე, მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარედ – ბონდო მარდალეიშვილი. კრებას კურირებდა კომიტეტის ინსტრუქტორი გიორგი შარაშიძე – მერე და მერე ხელბურთის გამოჩენილი მწვრთნელი. მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მეორე დღეს, ანუ პარასკევს, 1961 წლის 1 დეკემბერს, თბილისის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომელმაც დაამტკიცა წინა დღეს ჩატარებული ყრილობის შედეგები, შაბათის "ლელომ" კი გამოაქვეყნა ჩემი წერილი “რა არის რეგბი”. ამ, თბილისის კომიტეტის რიგითი ბრძანებით, რაგბმა სპორტის სხვა სახეობების თანაბარი უფლებები მოიპოვა და შესაბამისად, მათსავით მოხვდა სახელმწიფო ზრუნვის სფეროში, რაც პირველ რიგში ნიშნავდა ფინანსების წვდომას. ასე რომ, 1961 წლის 1 დეკემბერი ქართული რაგბის ოფიციალურად აღიარების დღეა. მაშინდელი კანონისვე თანახმად, 1962 წლის ივნისის განკარგულებით სექცია გადაკეთდა "ქალაქის ფედერაციად' – ზუსტად იმავე შემადგენლობით". ამ ღირშესანიშნავი დღის აღსანიშნავად 1 დეკემბერს 13 საათზე, კონსტიტუციის (6) და ნინოშვილის (59) ქუჩების კვეთაზე მდებარე ამ ისტორიულ შენობაზე გაიკვრება დაფა და გაიმართება გივი მრელაშვილის წიგნის პრეზენტაცია – "ერთხელ თუ ითამაშე".
444
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები