Belive

დიდი ფინალი - ბორჯღალოსნები ესპანეთისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო 20 მარტს (18 საათზე), „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა, შერკინებაში კი 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ტრავმიდან დაბრუნებული ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გამოტოვა. როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი, ხოლო მეორეში ნოდარ ჭეიშვილი. მარქაფაში გამოჩნდნენ გიორგი ჭყოიძე, გია ხარაიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი. „დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე და ოთია გიორგაძე. ნიკა ხატიაშვილს ტრავმა აწუხებდა და სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მის ნაცვლად მარქაფაშია გია ხარაიშვილი, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დარწმუნებული ვარ დავალებას თავს ახლაც გაართმევს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი იწყებს და იმედი გვაქვს ჩვენს გუნდს გააძლიერებს. სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ძირითადში ხან გურამ გოგიჩაშვილი იწყებს და ხან მიხეილ ნარიაშვილი. ჩვენთვის შემადგენლობა მხოლოდ 15 მოთამაშე არაა და პირველ ხაზში ეს როტაცია ბუნებრივი პროცესია“. „სამწუხაროა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობს, თუმცა ვთვლი, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ფინალში ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. თოვლმა და ყინვამ მზადების პროცესში გარკვეული პრობლემები შექმნა. მატჩის დღესაც თბილისში თოვლია გამოცხადებული: „ამინდი ორივე გუნდისთვის ერთნაირია. იყო მომენტი, როდესაც თამაშის შენელება და დამძიმება ტაქტიკურად გვაწყობდა ხოლმე, თუმცა დიდი ხანია ჩვენთვის ეს საინტერესო აღარაა. ცუდი ამინდი ტექნიკურ წუნს ზრდის, თამაშის ხარისხს აფუჭებს და არა მგონია ასეთი ამინდი რომელიმე გუნდისთვის ხელსაყრელი იყოს. ვეცდებით პრაგმატული თამაში ვაჩვენოთ და ამინდის კონდიციები გავითვალისწინოთ. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც ისეთივე გასათვალისწინებელია, როგორც მსაჯი, მოწინააღმდეგის წნეხი და ა.შ“ – ამბობს მაისაშვილი. ცუდი ამინდი და ყინვა, სავარაუდოდ, გულშემატკივარზეც იმოქმედებს, თუმცა მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთგული ქომაგის მხარდაჭერა გუნდს მაინც ექნება: „არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. მესმის, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა – პანდემია, არეულობა რაგბის კავშირში, რამაც ეს მუხტი გარკვეულწილად შეანელა და უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს და ამას ემატება ცუდი ამინდი, თუმცა ვიცი, რომ გვყავს გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ პირობებში და ამინდში მხურვალედ გვიქომაგებს და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. იმედს ვიტოვებ, რომ 20-ში დინამოზე კარგი განწყობა იქნება“.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი
საქართველო – ესპანეთი

სხვა სტატიები