Belive

6 ერი | პრევიუ

3 წლის წინ რაგბი
6 წთ
ევროპის უპრესტიჟულესი სარაგბო სანაკრებო ტურნირი 2021 წლის 6 თებერვალს აიღებს სტარტს და 20 მარტს დასრულდება. დადასტურებული ცნობების თანახმად, 6-ერის წლევანდელი გათამაშება ცარიელი ტრიბუნების ფონზე წარიმართება. კორონავირუსის ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია. მატჩის უკანასკნელ წუთებში, სავსე ტრიბუნების შეძახილებით გულანთებული მორაგბეების მიერ დრამატული გამარჯვების მოპოვების მომსწრე სამწუხაროდ ვერ გავხდებით, თუმცა განვლილმა წელმა გვაჩვენა, რომ არაფერია წარმოუდგენელი და ვინ იცის, იქნებ გათამაშების მიწურულს, მარტის თვეში გულშემატკივარს მატჩზე დასწრების უფლებაც მიეცეს. შაბათს, 6 თებერვალს ტურნირი სტარტს აიღებს - ვინ იქნება ტიტულის მოპოვების მთავარი პრეტენდენტი და რომელ მორაგბეს უნდა დავაკვირდეთ?

ვინ გახდება 6-ერის 2021 წლის გამარჯვებული?

6-ერის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებული ინგლისი გახდა. აღსაიშნავია, რომ ედი ჯონსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ ტურში საფრანგეთთან დამარცხდა, მაგრამ ბონუს ქულის მოპოვება შეძლო - აღნიშნული ბონუს ქულა ჩემპიონატის მიწურულს გადამწყვეტი აღმოჩნდა და ინგლისელებს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. 6-ერის წლევანდელ გათამაშებაში ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვლავ ფავორიტის სტატუსით სარგებლობს - მთავარ კონკურენტად კი ახალგაზრდა მორაგბეებით გადახალისებული და საკმაოდ ძლიერი საფრანგეთი სახელდება.
Untitled

13 მარტს, მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისი - საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი შესაძლოა ტიტულისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ინგლისთან დაპირისპირებიდან 1 კვირის შემდეგ, ფრანგებს მორიგი გამოცდის ჩაბარება დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ მოუწევთ. კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ინგლისელთა ბანაკი დააზარალა. ედი ჯონსმა და მისი სამწვრთნელო შტაბის ორმა წევრმა, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი პერიოდის საწყისი ეტაპი, სწორედ კორონავირუსის გამო გამოტოვეს. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ - ფაბიენ გალტიეს, შემადგენლობის მხრივ საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვს, თუმცა ფრანგებს გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, რომან ნტამაკი დააკლდებათ. ნტამაკის დანაკლისის მიუხედავად, "შემოდგომის ერთა თასზე" "ლე ბლემ" უკვე დაამტკიცა, რომ ბევრი მორაგბის დანაკლისის მიუხედავად, ბრწყინვალე ახალგაზრდა ტალანტებს იდეალურად შეუძლიათ სახელოვანი მორაგბეების ჩანაცვლება.

გახდება ნაკრებში კვლავ დაბრუნებული ფინ რასელი შოტლანდიის ინსპირაციის წყარო?

სანაკრებო პროტოკოლის დარღვევის გამო, ფინ რასელი "სკოტების" შემადგენლობიდან მოკვეთეს, თუმცა შემოდგომით იგი კვლავ დაბრუნდა ნაკრებში. "რასინგ 92"-ის ვარსკვლავის დაბრუნება, ტრავმის გამო ხანმოკლე აღმოჩდნა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, რასელმა ტრავმა მოიშუშა. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გრეგორ თაუნსენდმა, ფინ რასელი გაფართოებულ 35-კაციან რაზმში დაასახელა. "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიამ თაუნსენდის შოტლანდია დაამარცხა და ტურნირზე მესამე პოზიცია დაიკავა. ინგლისთან და საქართველოსთან არც ისე სახარბიელო პერფორმანსის შემდეგ, ირლანდიის მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიის დამარცხებით გასული წელი მეტ ნაკლებად დადებით ნოტაზე დაასრულა. 2020 წელს, წაგებული 4 მატჩის შემდეგ, უელსმა მეოთხე ადგილი დაიკავა - მიუხედავად ამისა, უეინ პივაკი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ უელსი 6-ერის წლევანდელი გათამაშების მოგებას შეძლებს. იტალია კვლავ ჩვეულ ამპლუაშია - 6-ერის წლევანდელ გათამაშებაში იტალიელთა მთავარი მიზანი კვლავ სანატრელი გამარჯვების მოპოვება იქნება.

შესაძლებელია თუ არა ფანების დაშვება ტურნირის დასრულებამდე?

6-ერის წლევანდელი გათამაშება ცარიელ ტრიბუნებზე, გულშემატკივრების გარეშე დაიწყება. შოტლანდიის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ 6-ერის 2021 წლის გათამაშების პირველი ორი ტური (ინგლისი, უელსი) გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, თუმცა 14 და 20 მარტს, "მერიფილდზე" ირლანდიისა და იტალიის წინააღმდეგ გასამართ მატჩებში შესაძლოა გულშემატკივართა დასწრება დაშვებული იყოს.

"შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისის უკანასკნელ მატჩს, "ტვიქენჰემზე" 2000 გულშემატკივარი დაესწრო. უკანასკნელი რეგულაციების ტანახმად, ამ წუთისათვის ინგლისში მატჩები ცარიელ ტრიბუნებზე გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან უელსი ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშობს. უელსის მთავრობამ უარი განაცხადა ინგლისის მსგავსად ემოქმედა და მატჩებზე გულშემატკივართა განსაზღვრული რაოდენობა დაეშვა. იანვარში საფრანგეთის ხელისუფლებამ ფრანგულ კლუბებს ევროპულ კლუბებთან დაპირისპირება აუკრძალა - აღნიშნული შეზღუდვა საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე არ ვრცელდება. საფრანგეთში და ასევე იტალიაში 6-ერის ეგიდით გასამართ მატჩებზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

ვის დავაკვირდეთ?

შოტლანდიის უკანასკნელი რეკრუტი კამერონ რედპატი ინგლისის U-20 ნაკრებში ასპარეზობდა. რედპატი ედი ჯონსმაც მოახვედრა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა მას ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში კეპი არ მოუხვეჭავს. ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილმა ფრთის მოთამაშემ უგო მონიემ იმედგაცრუება ვერ დამალა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ რედპატი ინგლისის ნაცვლად შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში იასპარეზებს. უელსელი ტომოს უილიამსი უკვე 26 წლისაა და "დრაკონების" შემადგენლობაში 20 კეპი მოიხვეჭა. უილიამსი ამომავალ ტალანტებში ნამდვილად აღარ ირიცხება, თუმცა 6-ერის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ყველაზე დაკვირვებად მორაგბედ სახელდება. "შემოდგომის ერთა თასზე" საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს არაერთი მაღალი დონის მორაგბე აკლდა - შვიდკაცას ფრთის მოთამაშემ გაბინ ვილიერემ, საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ "ლე ბლეს" კვართის მორგების ღირსეული კანდიდატია. "უოსპსის" ბექმა პაოლო ოდოგვუმ, ინგლისის ნაკრებში კეპის მოხვეჭამდე უკვე დაიმსახურა ედი ჯონსის სიმპატია. "შემოდგომის ერთა თასზე" უელსის წინააღმდეგ ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, ახალ-ზელანდიაში დაბადებული ირლანდიელი ჯეიმს ლოუისგან გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტს ელიან. იტალიელებმა ნაკრებში საშუალო ასაკი საკმაოდ გააახალგაზრდავეს. 20 წლის პაოლო გარბისი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მორაგბედ სახელდება.

სხვა სტატიები