Belive

აკა მორჩილაძე - #რაგბიჩვენითამაშია

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეები არ არიან ადამიანები ძველი ფრესკებიდან – ჩვენი საერთო მეხსიერების ხილული სურათებიდან – ლამის უხორცონი, მდუმარედ მშფოთვარენი, დიდ გადაწვეტილებათა ფიქრით სავსე თვალებით რომ გვიყურებენ სამუდამოდ დაკარგული დროებიდან. მგონი, მორაგბენი არიან პირდაპირ უბრალონი და მოდიან უხილავი, ეგებ ბოლომდე და კრიალად არც არსებული, ადრიდანვე ჩვენგან წარმოსახული, ჩვენთვის რაღაცნაირად საჭირო იერიდან და ხასიათიდან, რომელიც ახალ დროში, ხალხმა ძალიან ძველთან დააკვაშირა ისე, რომ ეგებ ამაზე არც უფიქრია. რასთან დააკავშირა და ალბათ მეხსიერების უკანა ადგილებში შემალულ საბოლოო გამარჯვების სურვილთან, მუდმივ ომთან, ჯანთან, ქართულ უჯიათობასთან, აქედან კი მუდმივობასთან, ღონესთან, ყველანაირ თავდაცვასთან, ამოსუნთქვასთან, ნაბიჯ-ნაბიჯ იქით მიწოლასთან და ერთ წამში წაგებული ადლის წლობით გოჯ-გოჯ დაბრუნების ხშირად გამოუთქმელ, მაგრამ მარად არსებულ იმედთან.

რაგბი ღონე და ძლევაა, ასეთია მისი არსი. გვეწყინება, თუ გაგვეხარდება გამწარებული ადამიანების წყურვილი მხოლოდ გამარჯვებაა. ჩვენი რაგბიც, ვითომ ახალი, მაგრამ ძალიან ძველი ამბავია: ის გასაჭირში, სიღატაკეში, ყველაფრის წაგებაში მოულოდნელად ამოვარდნილი უცნაურობა გახლავთ. უცნაურობა იმიტომ, რომ დიდ გასაჭირამდე, რაგბი მხოლოდ იმათ თუ უყვარდათ, ვინც მისი თამაში იცოდა, ანდა უთამაშებლად მოიწამლებოდა ამ საოცარი შეჯიბრით. ანუ, რაგბი ჩვენში ყოველთვის ნამდვილი იყო. ნამდვილი ხალხი გამოდგა ის ხალხიც, რომელსაც რაგბის არსის უცოდინარს, მაგრამ სტადიონზე საქართველოს მხარდასაჭერად მისგან განცდები შემოეძალა. სწორედ ეს იყო იმ ძველის სურათიც: დალეწილი, უკანდაუხეველი ხალხი ჩვენ ვართო! ჩვენ ვყოფილვართო!

ხალხის თვალში რაგბი განცდით შემოვდა: ლელოს ხაზთან მოთამაშეთა თავდაუზოგავი წვალებით, მოულოდნელი გაქცევებით, სისხლით, ჩხუბით და რაც მთავარია, ვნებით. დიდი განცდა იყო, იმ დროის სტადიონები ვისაც ახსოვს.

ვნება არ ტყუის და თუკი ის წარმოსახვას და საუკუნო წყურვილსაც ჩაებმება, მაშინ კავშირი სამუდამოა. საფთრხილო კი ის არის, რომ განცდა, რითაც რაგბი და მოთამაშენი მოვიდნენ ძველი არსის სამუდამოდ საცოცხლებლად, არ გაიაფდეს. ამაში ბევრი გასაჭირი და ოხრობა მომხდარა, ღირსებათა და ფასთა ვარდნა და სხვა ასეთები, მაგრამ გუნდი სულ უნდა იდგეს, რახან ის კაი რთულ რამეებს გამოხატავს, თუნდაც ისე, რომ თვითონ არც ფიქრობდეს ამაზე. მუდმივობა ამ თამაშის, სხვანაირად კი, ბრძოლის გულად ჩანს. მითუმეტეს, ჩვენთვის.

აკა მორჩილაძე
ნაწყვეტი წიგნიდან
გაუჩინარებული სამი მეოთხედის ამბავი

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები