Belive

ახალი ზელანდია 2017 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად დამარცხდა

5 წლის წინ რაგბი
4 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 4 ერის მეოთხე ტურის მატჩი ახალ ზელანდიაში, კერძოდ "ვესტფექის" სტადონზე. "შავებისა" და "სამხრეთ აფრიკელების" მატჩს 34,500 მაყურებელი დაესწრო. სტუმრებმა საოცარი მატჩი შემოგვთავაზეს და მასპინძლებს 5 ლელო გაუტანეს, საიდანაც 4 გარდასახეს. მატჩი "შავების" ლელოთი დაიწყო, მატჩის პირველი ლელო ჯორდი ბარეტმა დადო, მაგრამ მისმა ძმამ ბოდენ ბარეტმა ვერ გარდასახა (5:0). მატჩის მე-16 წუთზე ზელანდიელებმა მეორე ლელო დადეს, ლელოს ავტორი აარონ სმიტი გახლდათ. ამჯერად ბოდენმა გარდასახვის გატანა მოახერხა და ანგარიში 13:0 გახდა. თითქმის არავინ არ ელოდა აფრიკელების აფეთქებას, მითუმეტეს, როდესაც ზელანდიელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. მატჩის მე-20 წუთზე სტუმართა შემადგენლობაში თავის ლელოთი გამოჩენა მე-11 ნომერმა დიანტიმ მოახერხა, პოლარდმა გარდასახა და ანგარიში 13:7 გახდა. სამხრეთ აფრიკამ ძალიან კარგი შესატევი პლაცდარმი მოიპოვა და ჯორდი ბარეტის უხერხულ შეცდომას აფრიკელების კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. ლელოს ავტორი აფრიკელთა 15-იანი ლე რუ გახდა. პოლარდმა ისევ გარდასახა და აფრიკელები წინ პირველად გავიდნენ (13:14). აფრიკელებმა იგრძნეს თამაში და შეტევას შეტევაზე უკეთებდნენ მასპინძლებს, რასაც მასპინძელთა გუნდში არეულობა მოჰყვა და აფრიკელებმა რიგით მესამე ლელო გაიტანეს. ლელოს ავტორი კვაჭი მარქსი გახდა. პოლარდმა ისევ გარდასახა და აფრიკელებმა ტაიმის მიწურულს დიდი უპირატესობა მოიპოვეს (12:21). "შავები" პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან გააქტიურდნენ და აქტიურობას რიეკო იოანეს ლელო მოჰყვა. ბარეტმა კვლავ ვერ გარდასახა (17:21). თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო პირველ ტაიმში, თუმცა ზელანდიელების უაზრო ბურთაობას ჯარიმა მოჰყვა, რომელიც, პოლარდმა გაიტანა და პირველი ტაიმი აფრიკელებს მოაგებინა (17:24). მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყო მასპინძელთა გუნდმა, თუმცა აფრიკელმა მორაგბემ - კოლბმა, ბურთი ჩაჭრა და მოედნის ნახევარი ბურთიანად ირბინა, საბოლოოდ კი ჩათვლის მოედანში შევიდა და დაამიწა. პოლარდი კვლავ შეუდარებელი იყო და ანგარიში (17:31) გახდა. "შავებმა" აფრიკელები საკუთარ მოედანზე მიაჯაჭვეს და ასეთ აქტიურობას კვლავ ლელო მოჰყვა, ლელოს ავტორი რიეკო იოანე გახდა, რომელიც ბოდენ ბარეტმა გარდასახა და ანგარიში (24:31) -მდე შემცირდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ახალ ზელანდიელებს კიდევ მრავალი ლელო უნდა გაეტანათ, რადგან სტუმრები თითქმის ვეღარ გადადიოდნენ მასპინძლების ნახევარზე, თუმცა ზელანდიელების აქტიურობას, სტუმრებმა კარგი კონტრშეტევებით უპასუხეს და ლელოც დადეს. ლელოს ავტორი დიანტი გახდა, რომელიც, პოლარდმა ამჯერად ვერ გარდასახა და ანგარიში (24:36) გახდა. მასპინძლებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და ლელოს გატანა 61-ე წუთზე მოახერხეს. ლელოს ავტორი ტეილორი გახდა. ანგარიში კი 7 ქულამდე შემცირდა, რადგან ბარეტმა კვლავაც ვერ გარდასახა (29:36). მასპინძელთა საოცარ აქტიურობას, აფრიკელთა უხეში თამაში მოჰყვა და მოედნიდან აფრიკელთა 15 ნომერი, როუქსი გაასინბინეს.  დიდი უპირატესობის მიუხედავად, ზელანდიელებმა ერთ ლელოზე მეტის გატანა ვერ მოახერხეს. მატჩის 74 წუთზე სტუმართა ჩათვლის მოედანში ბურთი არდი სავეამ შეიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. ახლა, მასპინძლებს მხოლოდ გარდასახვის გატანა სჭირდებოდათ, რომ ანგარიში თანაბარი ყოფილიყო. ბოდენ ბარეტმა ამჯერადაც ვერ მოახერხა გარდასახვა და ახალი ზელანდია შინ სენსაციურად დამარცხდა.  

სხვა სტატიები