Belive

არლეტაზი - ქუბრიაშვილმა ავტომობილის ჯავშნის გამო იჩხუბა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, "მონპელიე" "პერპინიანს" დაუპირისპირდა. მონპელიეში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 30:6 დასრულდა. დაპირისპირების პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ტაბლოზე შესაბამისი ანგარიში (6:6) აისახა. მეორე ტაიმში "მონპელიემ" წნეხი გაზარდა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში დაჯაბნა. "მონპელიეს" რიგებში ქართველ მორაგბეებს ტრავმის გამო არ უასპარეზიათ. "პერპინიანის" მარქაფაში დავით ქუბრიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მატჩის 73-ე წუთზე, ქართველი ბურჯი მოწინააღმდეგის მეორეხაზელ ბასტიონ შალურუს დაუპირისპირდა. ჩხუბის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორივე მორაგბე ყვითელი ბარათით დასაჯა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "პერპინიანის" მთავარმა მწვრთნელმა - პატრიკ არლეტაზმა ინციდენტის შესახებ ისაუბრა. არლეტაზი, რომელიც ოდიოზურობით გამოირჩევა და პრესკონფერენციაზე ყოველთვის თამამ განცხადებებს აკეთებს, ამჯერადაც ჩვეულ ფორმაში აღმოჩნდა. "პერპინიანის" მთავარმა მწვრთნელმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ქუბრიაშვილმა ავტომობილის ჯავშნის გამო იჩხუბა.
"ავტომობილის ჯავშანი - როგორც მითხრეს, ქუბრიაშვილისა და შალურუს ჩხუბის მიზეზი ავტომობილის ჯავშანი გახდა. დავითმა ავტომობილი დაჯავშნა, რომელიც შალურუმ წაიყვანა. როდესაც, ავტომობილის იმედი გაქვს და სახლში ფეხით წასვლა გიწევს რა თქმა უნდა გაბრაზდები. ქართველი ამან გააბრაზა, მას ასეთი რამეები არ მოსწონს", - აღნიშნავს არლეტაზი.

სხვა სტატიები