Belive

ავსტრალიის ნაკრებში დიდი სკანდალი მწიფდება

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
ავსტრალიის რაგბის კავშირი პოლინეზიელი მორაგბეების მხრიდან შესაძლოა ამბოხის მსხვერპლი გახდეს. მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ავსტრალიელმა მორაგბემ სკანდალური განცხადება გაავრცელა - ავსტრალიური რაგბის ოჯახში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პოლინეზიელმა ვარსკვლავმა თანადგომა გამოუცხადა ნაკრებიდან მოკვეთილ ისრაელ ფოლაუს და აღნიშნა რომ ავსტრალიის რაგბის კავშირს ნაკრებიდან ყველა კუნძულელის მოკვეთა მოუწევს, რადგან ისინიც მორწმუნეები არიან და მათი რელიგიური შეხედულებები ფოლაუს მსგავსია. ისრაელ ფოლაუს გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ქუინსლენდ რედსისა“ და ავსტრალიის ნაკრების ჰუკერმა ტანიელა ტუპომ სოციალურ ქსელში ფოლაუს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. „სერიოზულად? შეგიძლიათ დამსაჯოთ მე და სხვა კუნძულელი მორაგბეები მსოფლიოს გარშემო, რადგან ჩვენც იდენტურ ქრისტიანულ შეხედულებებს ვიზიარებთ. ჩემი რწმენის გამო არასოდეს მოვიხდი ბოდიშს. არასდროს მოვინანიებ იმას რაც მჯერა. რელიგიას რაგბთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აღნიშნულია ტანიელა ტუპოს Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. აღსანიშნავია რომ ტანიელა ტუპო არ არის პირველი ავსტრალიელი მორაგბე, რომელმაც ფოლაუს გამოუცხადა მხარდაჭერა და რელიგიურ შეხედულებებზე ისაუბრა. ტუპოს თანაგუნდელმა და ავსტრალიის ნაკრების წევრმა სამუ კერევიმ ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა - რის შემდეგაც ახსნა განმარტების გაკეთება მოუწია. „იესო, რომელიც ჩემს გამო ეცვა ჯვარს. მიყვარხარ იესო.“ - კერევის მიერ გამოქვეყნებული სააღდგომო პოსტი განსჯის საგნად იქცა. აღნიშნულთან დაკავშირებით კერევიმ ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. „მადლობა ყველას და ვაფასებ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც კეთილი სურვილები მისურვა. მინდა ყველასათვის ნათელი იყოს, მე არ ვიხდი ბოდიშს ქრისტეს სიყვარულის გამო, რომელიც ჩემი მხსნელია. ღმერთი უპირველესია ჩემთვის და უამრავი მორაგბისათვის. ზოგიერთმა ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილად გაიგო. ვალდებული არ ვარ ჩემი ძმის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ადამიანებს ბოდიში მოვუხადო“, - აღნიშნა კერევიმ. ტანიელა ტუპოს მიერ ავსტრალიის რაგბის კავშირისათვის წაყენებული ულტიმატუმი მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც შესაძლოა ავსტრალიის ნაკრებზე მსოფლიო ჩემპიონატზე კატასტროფულად აისახოს. ტუპო ავსტრალიის რაგბის კავშირისაგან ფოლაუს აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრების დატოვებით იმუქრება. კიდევ ერთი სახელოვანი მორაგბე, რომელმაც ისრაელ ფოლაუს მხარდაჭერა გამოუცხადა ბილი ვუნიპოლაა. ინგლისის ნაკრების წევრმა ფოლაუს პოსტი მოიწონა და მის კრიტიკოსებს რელიგიურად ცხოვრებისაკენ მოუწოდა. ვუნიპოლა, ისევე როგორც ფოლაუ კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა - თუმცა ინგლისის ნაკრების მორაგბეებმა მანუ ტუილაგიმ, ნათან ჰიუჯსმა და კორტნი ლოუსმა ვუნიპოლა დაიცვეს. ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეიკა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. 2018 წელს, ავსტრალიის მიერ გამართულ ყველა შეხვედრაში ნაკრების წევრთა მესამედი სწორედ რომ პოლინეზიელი მორაგბეები იყვნენ.  

სხვა სტატიები