Belive

ბექა გორგაძე | რეაბილიტაცია წინსწრებით

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბექა გორგაძის ტრავმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ბორდოს" მორაგბის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა გორგაძე სეზონის დასრულებამდე მზად იყოს. "რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ" – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიასთან მატჩში დაშავდა. მორაგბეს, რომელსაც წოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული. ბექას ოპერაცია 9 დეკემბერს ჩაუტარდა და სასიხარულოა, რომ მენისკი ამოსაჭრელი არ გახდა, რაც სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან კარგია.
2222

გორგაძე სულ მალე ძუნძულს შეძლებს და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სათამაშოდაც მზად იყოს, მაგრამ ის გარისკვას არ აპირებს და ახალ სეზონს დაელოდება: "ქირურგმა მითხრა, რომ ოპერაციიდან 6 თვეში თამაში შემეძლება ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ. ერთი-ორი თამაშის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის 100%-ით მოვემზადო". "ზედა ტანის დატვირთვა 4 იანვარს დავიწყე და ნელ-ნელა დატვირთვებს ვზრდი. რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპებიც გავლილი მაქვს და სავარაუდოდ იმ კვირიდან, სპეციალურ დანადგარზე ძუნძულს დავიწყებ, 2-3 კვირაში კი, მოედანზეც შევძლებ ძუნძულს".

ტრავმას თან ისიც დაერთო, რომ ‘ბორდომ’ ბორჯღალოსანთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. გორგაძე ადასტურებს, რომ "ბაიონიდან" რეალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და ახალ გუნდს თვე-თვენახევარში ელოდება: "მომავალი სეზონიდან "ბორდოში" აღარ ვიქნები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტს "ბაიონთან" ვაფორმებდი და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. არის რაღაც ვარიანტები და ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი რეაბილიტაციაა და სრულად ამაზე ვარ გადართული". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები