Belive

"ბოლომდე ვეცდებით, რომ ქართველები შევაჩეროთ" - იტალიის მწვრთნელი

1 წლის წინ რაგბი
4 წთ
10 ივლისს ქართული რაგბისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - ეს არის დღე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს - ან დღე, რომელიც შესაძლოა მორიგ იმედგაცრუებად დაგვამახსოვრდეს. 10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის პრინციპული დაპირისპირება შედგება. დაპირისპირება, რომელსაც 6 ერის ინტრიგა მუდამ თან ახლავს და ბრძოლა, რომლის შედეგიც სამომავლოდ ბევრ რამეს განსაზღვრავს. უკანასკნელ წლებში, "ბორჯღლოსნების" პროგრესმა და 6 ერში "აძურის" კატასტროფულმა ასპარეზობამ, უამრამ მიმომხილველს გაუჩინა საფუძვლიანი კითხვა: რატომ არ უნდა მიეცეს საქართველოს შანსი, რატომ არ უნდა დაწესდეს 6 ერში აღზევება გავარდნის პლეი-ოფი, ან რატომ არ უნდა გადაკეთდეს 7 ერად? საქართველოსა და იტალიის დაპირისპირების გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი - ამ თვალსაზრისით, ბათუმში გასამართი მატჩის შედეგი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბათუმში, შავი ზღვის ლას ვეგასში იმყოფება. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ქალაქი, უამრავ ღირსშესანიშნაობასთან ერთად, კაზინოების სიმრავლითაცაა ცნობილი. ბათუმში ჩასულმა "აძურიმ" პირველ დღეს დაისვენა, რის შემდეგაც ვარჯიშსა და კვირას გასამართი უპრინციპულესი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა - ანდრეა მორეტიმ, რომელიც იტალიელ ფორვარდებს წვრთნის, საინტერესო კომენტარი გააკეთა. "აძურის" შერკინების მწვრთნელი "ბორჯღალოსნების" ძლიერ მხარეს აფასებს და აღნიშნავს, რომ იტალიამ უძლიერესი ქართული შერკინების შესაჩერებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს.
333

ანდრეა მორეტი: "რუმინეთის მსგავსად, საქართველო ძლიერი შერკინებით გამოირჩევა. ორივე მათგანი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებასა და მოწინააღმდეგის დაჯარიმებას ცდილობს. რუმინეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისში მცირედი სირთულეები გვქონდა, საქართველოსთან ეს არ უნდა განმეორდეს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ქართველების ძლიერი შერკინება შევაჩეროთ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წონით მოძალების შესაძლებლობა არ მივცეთ - წინააღმდეგობას მაშინაც განვაგრძობთ, როცა ბურთი მათი 8 ნომრის ფეხებში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ბურთის შერკინებაში შენარჩუნებას შეეცდება და წინსვლას შეეცდება. "ბორჯღალოსნებისა" და არგენტინა XV-ის დაპირისპირება გავარჩიეთ, თუმცა, ამას არ ვენდობით. "ბორჯღალოსნებისთვის" ზაფხულის ტესტ-მატჩებზე ეს პირველი შეხვედრა იყო. ჩვენს წინააღმდეგ გაცილებით განსხვავებული თამაში იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ 80 წუთის განმავლობაში, ფიზიკურ მომზადებაში პრობლემა არ ექნებათ. ტექნიკური ასპექტების გარდა, კვირას გასამართი დაპირისპირების შედეგზე გავლენას ემოცია და განწყობაც მოახდენს - ეს არის ორი კომპონენტი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოვემზადოთ".
შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველოსა და არგენტინა XV-ის დაპირისპირება შედგა. ქუთაისში გამართული მატჩი, "ბორჯღალოსანთა" მარცხით 24:30 დასრულდა. იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2 მატჩის გამართვა მოასწრო. პორტუგალია 31:38 იტალია, რუმინეთი 15:43 იტალია.

სხვა სტატიები