Belive

"ბორჯღალოსნები" ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად

1 წლის წინ რაგბი
5 წთ

6 და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებს „დინამო არენაზე“ რაგბის მხარდამჭერი გუნდის – “ბორჯღალოსნების” ქომაგობა გარანტირებული ექნებათ. „ბორჯღალოსნების“ საბჭოს წევრის, ილია როდონაიას თქმით, გუნდის წვრები რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბებიან და ქალაქში შესაბამის ატმოსფეროს შექმნიან:

„ურუგვაისთან და სამოასთან მატჩებზე მარჯანიშვილის მეტროდან 4 საათზე დავიძრებით და სტადიონამდე ხმაურიან მსვლელობას მოვაწყობთ. 300-ზე მეტმა ჩვენმა წევრმა უკვე დაგვიდასტურა მონაწილეობა და ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად ადგილზე კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.

„სამოას 6 წლის წინათ რომ ვუმასპინძლეთ, მახსოვს როგორი სტვენა და სიცილი მოჰყვა სამოელთა ტრადიციულ ცეკვა სივა-ტაუ-ს… მას შემდეგ ქართველი გულშემატკივარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უკეთ ესმის რაგბის ნიუანსები და ტრადიციები, იცის, რომ ფეხბურთისგან განსხვავებით, რაგბის მატჩზე მეტოქისა თუ მსაჯის შეურაცხყოფა დაუშვებელია, რომ ეს ჯენტლმენების თამაშია და ურთიერთპატივისცემის ფონზე მიმდინარეობს“.

„რაგბის მხარდამჭერი გუნდი – “ბორჯღალოსნები”, სწორედ მაშინ, 6 წლის წინათ დაფუძნდა და ამჟამად 550 წევრს ვითვლით; ბათუმში 6 ერის წევრი იტალიის დამარცხების შემდეგ ჩვენი არმია თითქმის გაორმაგდა; ამ გამარჯვებამ რაგბისადმი ინტერესი და მხარდაჭერა მკვეთრად გაზარდა; – არსებული სტერეოტიპის წინააღმდეგ, რომ რაგბი ძირითადად კაცების თამაშია, ინტერესი და აქტიურობა ქალების მხრიდან მეტია, ამჟამად ჩვენს წევრთა ნახევარზე ოდნავ მეტი სწორედ ქალები არიან და საბჭოს შემადგენლობაშიც, 7 წევრიდან 3 გოგონაა“.


333


„მხარდამჭერი კლუბი “ბორჯღალოსნები” ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს, თუმცა კარი ყველასთვის ღიაა; ძირითადი აქტივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის წერეთლის სახელობისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან; სულ ახლახანს გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონიც შემოგვიერთდა, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო წვრთნებს სთავაზობს; შემოდგომის ამ სერიებზე, სამოასთან და ურუგვაისთან სტადიონზე ძალებს პირველად გავაერთიანებთ.

„გვაქვს დაფდაფები, დიდი დროშები, ფან-კლუბის მაისურები, ჩვენი შეძახილები და სიმღერა, – ჩვენს საგულშემატკივრო სტრატეგიას ყველას ვუზიარებთ და ვასწავლით, ვურიგებთ მაისურებს, მატჩების ბილეთებს, რაშიც რაგბის კავშირი გვეხმარება, დანარჩენს საწევროების ხარჯზე ვახერხებთ, მცირე დაფინანსებას კომპანია “ყაზბეგიც” გამოყოფს და სანაცვლოდ მატჩის წინ მის დროშასაც ვშლით. იმედი გვაქვს, რომ სასპონსორო აქტივობაც და თანამშრომლობაც რაგბის კავშირთან გაიზრდება. ბუნებრივია, ქომაგებს მეტი შეხვედრა და ურთიერთობა სურთ მორაგბეებთან და თუ ეს მიზიდულობა ორმხრივი იქნება, ჩვენი რიგები მკვეთრად გაიზრდება, რაც ქართულ რაგბსაც წაადგება – ტყუილად არ უწოდებენ გულშემატკივარს მე-16 მოთამაშეს“.

„ჩვენ მე-12, მე-13 სექტორებს ვიკავებთ, ალამთან, სადაც მაყურებელი ნაკლებად არის და შეგვიძლია ჩვენი 10 მეტრიანი დროშები თავისუფლად გავშალოთ. თუ სტადიონი შევსებულია, ჩვენი მუხტი დანარჩენებსაც გადაედებათ – ტაშსაც, შეძახილებსაც და ტალღასაც აიტაცებენ, თუმცა თუ მაყურებელი ნაკლებია და ჩვენგან მოშორებით ზიან, კონტაქტი რთულია და სტადიონის დამუხტვაც ვერ ხერხდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მატჩებზე სტადიონი სრულად გაივსოს – ისე როგორც ბათუმში იტალიასთან შეხვედრისას იყო. ვფიქრობ, იმ ისტორიულ გამარჯვებაში გულშემატკივრის წვლილი დიდი იყო და ახლაც ასე იქნება, თუკი ბორჯღალოსნებს ყველა გვერდით დავუდგებით“.

„ბათუმის მატჩი სხვა მხრივაც იყო სანიმუშო, – პირველად მოხდა ისე, რომ რაგბი მთელი ქალაქის ზეიმად იქცა, გულშემატკივრობა მატჩამდეც იყო, არამხოლოდ სტადიონზე, – ქუჩებშიც: კონცერტები, მსვლელობები, დროშები – ისე, როგორც ეს ევროპაში, 6 ერის მატჩების წინ ხდება; ჩვენც ამ დონის გულშემატკივრობა გვჭირდება, რაგბი ჩვენი თამაშია, ყოველი ჩვენგანის და თითოეული მაღალი რანგის შეხვედრა ზეიმად უნდა ვაქციოთ. ველით, რომ ამ სერიების შედეგად მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო 11-ე ადგილს ისევ დავუბრუნდებით და გულშემატკივრობის მზარდი მუხტით, ზევითაც ავიწევთ. ყველას გელით სტადიონზე, ერთად დავუდგეთ გვერდში ჩვენს ნაკრებს და საქართველოს“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები