Belive

ბორჯღალოსნები | სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო

2 წლის წინ რაგბი
7 წთ
ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონ "სპრინგბოქსს" სერიის პირველ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 35-ე წუთამდე 9:5-საც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლების კლასმა იჩინა თავი და შეხვედრა 40:9 მოიგეს. ეს იყო პირველი ჯახი სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო თასს მიღმა, რომელსაც ერთადერთხელ, ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. "ბოკემ" პრეტორიაში საქართველოს წინააღმდეგ 18 მსოფლიოს ჩემპიონი დააყენა და რა თქმა უნდა ფლობდა როგორც სათამაშო, ასევე ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ ყოველი მეტრის მოგება უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა, რადგან ქართველი მორაგბეების მხრიდან თავგანწირულ დაცვას აწყდებოდა. მასპინძლებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ პირველ შეხვედრას ატარებდნენ, თითო ტაიმში სამ-სამი ლელო გაიტანეს, აქედან ორი რიცხობრივ უპირატესობაში. მთლიანობაში, ეს იყო თამაში, რომელიც ბორჯღალოსნებს, როგორც გუნდს და მის თითოეულ წევრს, სამომავლოდ უდიდეს სამსახურს გაუწევს.
AFRIKA1

თამაშში ბურთი საქართველომ შეიყვანა, რასაც მასპინძლების შეცდომა მოყვა, მერე შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და თედო აბჟანდაძემ ანგარიში გახსნა. აფრიკამ სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, დერეფნიდან ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა, სადაც აპელელე ფასი ყველას გაექცა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მომდევნო 30 წუთში ჩემპიონმა ქულის აღება ვეღარ მოახერხა. დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა მერაბ შარიქაძემ, რომელმაც მეტოქეს ბურთი ხელიდან ამოაცალა, შემდეგ მეტოქე ორჯერ დავაჯარიმეთ და მე-19 წუთზე აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმით ლიდერობა დაგვიბრუნა. 24-ე წუთზე მასპინძლები რაქში დაჯარიმდნენ, აბჟანდაძემ 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და საქართველო 9:5 დაწინაურდა.

ამას აფრიკელთა გააფთრებული შეტევები მოყვა. ბორჯღალოსნებმა ფიზიკურ ორთაბრძოლებში არაფერი დათმეს და ბექა საღინაძემ 33-ე წუთზე გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, მაგრამ ერთ წუთში დავჯარიმდით და ის სინბინით დაისაჯა. ამას ორი ლელო მოყვა. ბონგი მბონამბიმ მოლი 5 ქულით დაასრულა, 38-ე წუთზე კი, სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევას ფეხით თამაში მოყვა, ბურთი გაზონიდან კობუს რეინახის ხელებში აღმოჩნდა და ტაიმი 9:19 დასრულდა. ტაიმის მიწურულს შარიქაძისა და თორნიკე ჯალაღონიას გარღვევის შემდეგ, საქართველოს ქულების აღების შანსი მიეცა და აბჟანდაძემ 22-იდან არეკნი დაჰკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მეორე ტაიმში მეტოქემ ტემპს უმატა, თუმცა 54-ე წუთამდე საქართველო დაცვაში დადგა. მერე აფრიკელებმა 68-ე წუთამდე სამი ლელოს გატანა მოახერხეს და 40:9 იმარჯვეს, მაგრამ ეს არ იყო იოლი გასეირნება. ბორჯღალოსნები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და როცა შანსი ეძლეოდათ, შეტევის ორგანიზებას ცდილობდნენ.

მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა დავით ნინიაშვილმა, რომელიც კვლავ საიმედო იყო საჰაერო ორთაბრძოლებისას და ორჯერ ისე ჩავიდა რაქში, რომ მეტოქეს დაჯარიმება აიძულა. ხაზი კარგად გაჭრა აკა ტაბუცაძემ, თუმცა ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა. ერთი კვირის თავზე საქართველო მსოფლიოს ჩემპიონთან მეორე ტესტ-მატჩს იოჰანესბურგში გამართავს.
პრესკონფერენცია
თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით კმაყოფილი დარჩა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი: "35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ". "მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება". "თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დაღჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ". "ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით რომ არა უდისციპლინობა". შედეგით უკმაყოფილო იყო გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე: "სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ გვქონდა უკეთ თამაშის შანსი. ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ".   სამხრეთ აფრიკა – საქართველო 40:9 საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. დავით გიგაური, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია; მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი ჯავახია; 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი; 23. ირაკლი ცხადაძე. ფოტო: Chris Kotze / Trysportimages წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები