ბორჯღალოსნები | საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში

ბორჯღალოსნებმა “შემოდგომის ერთა თასზე” უკვე სამი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს – ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, ასევე წინა სატურნირო ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე განვლილ მატჩში თვალშისაცემი ქართველი მორაგბეების საუკეთესო ფიზიკური მომზადება და ეს შედეგებზეც აისახა – მეორე ტაიმში ნაკლებ ქულებს ვუშვებდით, ვიდრე პირველში და ირლანდიასთან მეორე ტაიმი სულაც 3:3 ვითამაშთ.

ბორჯღალოსნების ფიზიკურ მომზადებაზე ქართული ჯგუფია პასუხისმგებელი – მორაგბეებთან ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი მუშაობენ.

ფიზ.მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ როგორც ჯგუფის წევრებმა, ასევე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და თავად მორაგბეებმა, ამ შედეგის მისაღწევად უზარმაზარი შრომა გაწიეს:

ბორჯღალოსნები | საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში 1

“მზადება ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დავიწყეთ. მაშინ ჩვენთან ერთად იყო ლეგიონერთა ნაწილიც და გავიარეთ მომზადების სრული კურსი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რისთვის ვემზადებოდით და უბრალოდ ვვარჯიშობდით, რათა ვყოფილიყავით უკეთესები. იმ შედეგის მისაღებად, რასაც ახლა ვიღებთ ბევრი იშრომეს ბიჭებმა და მწვრთნელებმა. ამისათვის მინდა მათ და ნაკრების მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა ჩვენი ჯგუფის წევრებს, დავით ნემსაძეს და ნიკა პინაიშვილს, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“.

ის, რომ საქართველო ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული, ამაზე ციფრებიც მეტყველებს:

“თუ დავაკვირდებით 2019 წლის მსოფლიო თასზე და მანამდე ტიერ1-ის გუნდებთან გამართულ მატჩებს, დასკვნით 20 წუთში 2-4 ლელოს ვუშვებდით. მოწინააღმდეგეების მიზანიც ეს იყო, რომ დასკვნით წუთებში, დაღლილ საქართველოსთან უპირატესობა მიეღო, თუმცა პირიქითაა და დასკვნით 20 წუთს შეტევებში ვატარებთ. ეს იმის ფონზე, რომ ყველა თამაშის დებიუტში მეტოქის გააფთრებული შეტევების მოგერიება გვიწევს, რასაც დიდი ენერგია მიაქვს. მაგრამ გვაქვს იმის ენერგია და გამძლეობა, რომ დასკვნითი წუთებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ეს დიდ განსხვავებას იძლევა შედეგზე”.

ამოუცნობი ფიჯი

5 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ და შარშან იაპონიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან.

ფიჯის მსოფლიო თასის შემდეგ ახალი სამწვრთნელო შტაბი ყავს, ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, გამოცდილი ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით.

ვეტერანი ბორჯღალოსანი, ამჟამად კი დერეფნისა და მოლის მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ გუნდი სისტემურად კარგადაა მომზადებული:

ბორჯღალოსნები | საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში 2

“გავარჩიეთ მეტოქის დერეფანი 2019 წლის მსოფლიო თასზე, მაგრამ მას შემდეგ სრულად შეიცვალა ფიჯელთა სამწვრთნელო შტაბი, ჩვენთან პირველ მატჩს ატარებენ და ზუსტად არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ. მოვემზადეთ სისტემურად. ყურადღებით უნდა ვიყოთ გადაბმის არეში, რადგან ფიჯელებს უყვართ როგორც მოკლე, ასევე გრძელ ფრთაზე შეტევა”.

მატჩის დღეს ედინბურგში წვიმაა გამოცხადებული, რაც თამაშის მსვლელობას საკუთარ კვალს დაატყობს და გახშირდება ძალისმიერი ორთაბრძოლები. ჭყონია ამბობს, რომ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზადაა:

“ყველა თამაშის შემდეგ გვაქვს ინდივიდუალური ტესტები და ვამოწმებთ მოთამაშეთა ენერგიის, ფეთქებადობისა და ძალის აღდგენის დონეს. ტესტებმა აჩვენა, რომ ის ჯგუფი, ვისაც ფიჯისთან უწევს თამაში, ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია. ზოგადად, პირველი კვირის და ამჟამინდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, რამდენიმე მოთამაშემ პირადი რეკორდიც კი მოხსნა. კვირიდან კვირამდე ვუმატებთ და ეს სწორი, გამართული პროგრამის შედეგია, რომელშიც ფიზ.მომზადების ჯგუფის გარდა, სრულად არიან ჩართული მწვრთნელები”.

საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ედინბურგში, „მარიფილდზე“ საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

(101)

ბორჯღალოსნები | საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში

სტატიის ავტორი
-