ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან
3 წლის წინ
რაგბი
3 წთ
"ჩემთვის დღეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დღე. გავიცანი სასიამოვნო და ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც რეალურად აქვთ იმის შანსი, რომ დიდი რაგბი ითამაშონ და საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ. ვისიამოვნე მათთან თამაშით და იმედია, ბავშვებიც გაერთნენ". "ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სიხარულით დადიოდნენ ვარჯიშზე და ასეთი აქტივობები მათ ამაში ეხმარება. დრო რომ გავა, მერე რა თქმა უნდა დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკურ და სათამაშო ელემენტებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავიდანვე სწორად ისწავლონ სარაგბო ილეთები, რადგან ნათქვამია – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და მერე უფრო რთული იქნება არასწორად ნასწავლი ელემენტების გადაჩვევა. რაც მე დღეს ვნახე, ეს ბავშვები 100%-ით სწორედ ვითარდებიან, რისი თქმაც ამ გადასახედიდან დანამდვილებით შემიძლია და ეს მაძლევს იმედს, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს" – თქვა შეხვედრის შემდეგ მერაბ შარიქაძემ. იოსებ ჯაფარიძემ კაპიტანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნების სტუმრობა ბავშვებისთვის უდიდესი სტიმული და მოტივაციაა. აღსანიშნავია, რომ "მართვესთვის" ბორჯღალოსნების სტუმრობა ერთგვარი ტრადიციაა და მას უკვე სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მამუკა გორგოძე, სოსო მათიაშვილი, მეკო კვირიკაშვილი და ნონო ანდღულაძე არიან: "მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მერაბს, იმ სიხარულისთვის, რაც ბავშვებს და ყველა ჩვენთაგანს მიანიჭა. რამდენიმე დღის წინ, ეს ბიჭები ბორჯღალოსნებს რუმინეთთამ მატჩში სტადიონიდან ქომაგობდნენ, დღეს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ვარჯიშობდნენ, მისგან იღებდნენ დარიგებებს და ბოლოს ერთადაც კი ითამაშეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარია ყველა დამწყები მორაგბესთვის". "აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მერაბს ბავშვებთან ძალიან კარგად გამოსდის კომუნიკაცია. ერთი მომენტი, თამაშისთვის რომ შეგეხედათ, შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა არ იყო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც დღეს კაპიტანთან შეხვედრით უბედნიერესები იყვნენ, ხვალ უფრო მონდომებულები და რაგბზე შეყვარებულები იქნებიან. ნაკრების ნებისმიერ მორაგბესთან თუნდაც წამიერი კომუნიკაცია, ნებისმიერი დამწყებისთვის უდიდესი მოტივაციაა". ფოტო: ბელა ჯიჯიეშვილი წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი